(რეზონანსი) დღეს გერმანიის ქალაქი ჰამბურგი „დიდი ოცეულის" მე-12 სამიტს მასპინძლობს.მსოფლიო ლიდერები 2 დღის განმავლობაში საერთაშორისო პოლიტიკაში არსებულ გამოწვევებზე, გლობალურ, ეკონომიკურ და საიმიგრაციო კრიზისზე იმსჯელებენ. მთავარ განსახილველ საკითხებს შორის არის სირიისა და უკრაინის კრიზისიც.
ჰამბურგში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები. დიდი ოცეულის სამიტის მოწინააღმდეგეებთან შეტაკებების დროს 80-მდე პოლიციელი დაშავდა.აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და ნაგვის ყუთებს. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
გუშინ კი ჰამბურგის ქუჩებში საპროტესტო აქცია თეატრალური დადგმის სახით გაიმართა, სადაც მსახიობებმა თიხა წაისვეს და დუმილით ქუჩას მიუყვებოდნენ. სანახაობის ბოლოს, „ზომბებმა" თიხა მოიხსნეს და მათი ფერადი ტანსაცმელი გამოჩნდა.უჩვეულო აქციაში 1000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათი მიზანი იყო, ქვეყნების მმართველებისთვის შეეხსენებინათ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც „ადამიანებმა მათ დააკისრეს".
„დიდი ოცეული" მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გაერთიანებაა. მასში გაწევრიანებულია: ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. გაერთიანებაში ასევე შედის ევროკავშირიც, რომელიც წარმოდგენილია ევროკომისიის და ევეროკავშირის თავმჯდომარის სახით.