რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართება. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგება და ნახევარ საათს გაგრძელდება.

ოფიციალური კრემლის მონაცემებით, პრეზიდენტები ორმხრივ ურთიერთობებს, სირიის კონფლიქტს და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს სურს ვლადიმერ პუტინთან სირიაში სამხედრო სიტუაცია და რუსეთის მიერ ბაშარ ასადისადმი მხარდაჭერა განიხილოს. როგორც ამერიკული ტელეარხი იუწყება, სავარაუდოდ, ლიდერები შეხვედრაზე აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემას არ შეეხებიან.

„დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოლაპარაკებებს ასევე გამართავს გერმანიის კანცლერთან, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის პრემიერმინისტრებთან, ჩინეთის ლიდერთან და სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან.

დღეს ჰამბურგში ჩანიშნულ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს დირექტორი რუსეთისა და ევროპის მიმართულებით, ფიონა ჰილიც დაესწროს.ჰილი ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის ვლადიმერ პუტინისადმი მკვეთრად კრიტიკული განწყობით გამოირჩევა. მან პუტინზე 2013 წელს წიგნი დაწერა სახელწოდებით „ბატონი პუტინი - მზვერავი კრემლში".

„Daily Beast"-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის მოთხოვნაა, ლიდერების შეხვედრის დროს ფიონა ჰილს ოთახში ყოფნის უფლება მიეცეს, თუმცა ანონიმურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ეს საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მოსკოვმა შესაძლოა უარი თქვას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×