რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა „წითელი ზონა" და სალომე ასათიანის „ინტერview" შესაძლოა ახალი სეზონიდან აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდეს. „ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ამ საკითხზე მხარეეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აჭარის ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კაპანაძე მოლაპარაკებებს ადასტურებს. მისი თქმით, საუბარი გადაცემებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის ვალდებულებების დასრულების შემდეგ გაგრძელდება.

„გავა თუ არა, ეს დამოკიდებულია იმ ვალდებულებებზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქვს „რადიო თავისუფლებას". მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა. ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია, მაგრამ საუბარი მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან სამართლებრივი ვალდებულებები ამოიწურება" , - ამბობს კაპანაძე.

„რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის ხემძღვანელი, დავით კაკაბაძეც ადასტურებს, რომ ისინი აჭარის ტელევიზიას, როგორც ერთ-ერთ ვარიანტს განიხილავენ. კაკაბაძის თქმით, მათ საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონტრაქტის ვადა 17 ივლისს ეწურებათ.

„გამორიცხული არ არის, მაგრამ ჯერ ნაადრევია საუბარი. განიხილება რამდენიმე ვარიანტი, აჭარის ტელევიზია ერთ-ერთია. ჯერ არანაირი ოფიციალური საუბარი არ გამართულა. ჩვენთვის მიზანშეწონილი და პრიორიტეტული იყო საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა, რადგანაც აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელია, პირველ კანდიდატად ეს განიხილება ჩვენი მხრიდან" , - განაცხადა დავით კაკაბაძემ.

„წითელი ზონა" და „ინტერview" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა, თუმცა არხის მენეჯმენტმა მათზე უარი თქვა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. „რადიო თავისუფლების" დირექტორის, თომას კენტის განცხადებით, გადაცემების დახურვით იმედგაცრუებულია, რადგან ორივე პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი დისკურსის განვითარებაში.

გადაცემა „წითელი ზონის" ავტორი და წამყვანი, გოგი გვახარია აცხადებს, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდია. მისი თქმით, გადაცემების დახურვის გამოცხადებამდე ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, მენეჯმენტმა შეასრულა ეს გადაწყვეტილება. წინა მენეჯმენტმა ეს არ გააკეთა ან ვერ გააკეთა, მაგრამ ინიციატორი ამისა არის ბორდი" , - განაცხადა გოგი გვახარიამ.

გადაცემა „წითელი ზონის" ავტორი და წამყვანი აცხადებს, რომ ტელევიზიას სურდა მისი გადაცემის სარედაქციო პოლიტიკა მხოლოდ „რადიო თავისუფლებაზე" არ ყოფილიყო დამოკიდებული.

„ეს იყო ყველაზე მტკივნეული მათთვის. ხელშეკრულებაში გვეწერა, რომ სარედაქციო პოლიტიკას წყვეტს „რადიო თავისუფლება" და არა ტელევიზია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია. არხის ყველა ხელმძღვანელობა ცდილობდა ამ პუნქტის ამოღებას ხელშეკრულებიდან, მაგრამ ჩვენ ეს არ ამოვიღეთ" , - აცხადებს გოგი გვახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×