(რეზონანსი) რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ სასაზღვრო ნიშნების გამო, თბილისის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს აბსურდულს უწოდებს. საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ამ საკითხის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განხილვა გამოააშკარავებს, რომ თბილისის ყველა ბრალდება ყალბია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ე.წ მცოცავი ოკუპაცია და „საზღვრების" გადმოწევა მხოლოდ ინფორმაციული პროვოკაციაა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს 7 ივლისს პრაღაში დაგეგმილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის წინა დღეებში, სპეციალური ნეგატიური პროპაგანდაა.
„სამწუხაროა, რომ როგორც ხშირად ხდება, პრაღის შეხვედრის წინ უარყოფით ფონს ქმნიან, საინფორმაციო პროვოკაციაა. რაც შეეხება პრაღაში დაგეგმილ შეხვედრას, მის ფარგლებში გაგრძელდება პრაქტიკული საკითხების განხილვა, რაც აუცილებელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის" , - ნათქვამია განცხადებაში.
ქართლში, სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ადასტურებს.ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ მცოცავი ოკუპაციის ფაქტები გასულ თვეშიც დააფიქსირეს.
სოფელ ბერშუეთის მახლობლად მწვანე ბანერის აღმართვის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიღებისთანავე, ევროკავშირის მისიამ ადგილზე დამკვირვებლები გაგზავნა. „ნებისმიერი ფორმის ბორდერიზაცია, მათ შორის ბანერების დამონტაჟება, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და ფერმერებს საკუთარი მიწის დამუშავების უფლებას ართმევს" , - ნათქვამია დამკვირვებლების განცხადებაში.
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი გუშინ კიდევ ერთხელ გადმოსწიეს.გორის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე.წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.
ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებელი ბერშუეთის მკვიდრის, გია ხოდელის ბაღში დაამონტაჟეს. ფერმერის განცხადებით, მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს. სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.