რეზონანსი
07.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს რეგიონებში სტიქია მძვინვარებს. რაჭაში, სოფელ ღებში, 400-მდე ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ზარალის ოდენობა მილიონ-ნახევარ ლარს აჭარბებს. ონის რაიონის მაღალმთიან თემში მესამე დღეა გადაუღებლად წვიმს, ადიდებულია მდინარეები.წყალმა გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი წაიღო, რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია სავალი გზის ნაწილიც.ამჟამად სოფელში მისასვლელი გზა აღდგენილია. სოფელ ღების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია მაღალი გამავლობის მანქანით.

ონის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილის, ალექსანდრე ჯაფარიძის თქმით, ღებში გზის აღდგენას 3-4 დღე დასჭირდება. „ტექნიკა მობილიზებულია, რა წუთშიც ჩადგება წყლები, გზა იქნება გამავალი, სულ რაღაც 3-4 დღეში. სოფელ გომის მიმართულებითაც წაღებულია 2 ხიდი, სადაც ასევე მობილიზებულია ყველანაირი ტექნიკა" , - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზემო რაჭაში ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გონაში ორი საავტომობილო ხიდი დაანგრია. სტიქიის შედეგად კურორტ უწერაში ნაპირსამაგრი დაზიანდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და მინერალურ წყალ „ნაპერწკალას" მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საგლოლო-ღების, ასევე ქუთაისი - ალპანა - შოვი - მამისონის გზის მონაკვეთებზე მეწყრული კერებია წარმოქნილი.

სტიქიის შედეგად ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული იყო სტეფანწმინდის მიმართულებითაც. თუმცა, ამ დროისთვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.

მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს ხევსურეთში, ადიდებულია მდინარეები და ხევები. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყრის გამო, ჩაკეტილია საავტომობილი გზაც და პირიქითა ხევსურეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×