(რეზონანსი) ძლიერი წვიმების შემდეგ, მტკვარმა თბილისის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნაგავი ჩამოიტანა, რომლის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაბინძურებული მტკვრის დასუფთავება მათი და „თბილსერვის ჯგუფის" ვალდებულება არ არის. მერიაში არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, თუ რომელი უწყების კომპეტენციაა მტკვრის ნარჩენებისგან გაწმენდა.
მერიაში აცხადებენ, რომ გაზაფხულზე, წვიმების სეზონზე, თავისი კეთილი ნებით „თბილსერვის ჯგუფის" დახმარებით გაწმინდეს მტკვრის კალაპოტი, თუმცა როგორც ამბობენ, ეს მათი ვალი არ იყო.
„ამ შემთხვევაში თბილისის მერია, სავარაუდოდ, აღარ დაასუფთავებს და ვერ გეტყვით, ვისი კომპეტენციაა ეს" , - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
გარემოს დაცვის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ მტკვრის გაწმენდა მათი ვალდებულება არაა. მათი თქმით, გარემოსდაცვით უწყებას ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება ევალება და არა ნარჩენების მართვა. გარემოს ეროვნული სააგენტო კი, სპეციალური სინჯით მხოლოდ მდინარის დაბინძურების ხარისხს განსაზღვრავს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა რეგიონის ქალაქებშიც. ფოთში ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა. გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებათ როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ქვეით მოსიარულეებს.
მოსახლეობის თქმით, ცალკეულ ქუჩებზე პრობლემას მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები ამწვავებს და ყოველი წვიმის დროს ქუჩები იტბორება. მოსახლეობა შიშობს, რომ თუ ძლიერი წვიმა გაგრძელდება, შესაძლოა წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდეს. ისინი ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.