საქართველოს ეკონომიკა იზრდება, მაგრამ მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება ან, უკეთეს შემთხვევაში, არ იცვლება. ოფიციალური მონაცემებით, მშპ წლიდან წლამდე მატულობს, მაგრამ ხალხი ამას ვერაფრით გრძნობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ არა მარტო მიმდინარე პერიოდში, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე გავლენას საშუალოვადიან პერიოდშიც კი ვერ მოახდენს.
ამ ეტაპზე, როცა ხელისუფლების ხელის შემყურე ლამის მთელი საქართველოა და შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს, მოსახლეობის კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება კეთილ სურვილს ჰგავს, რომელსაც ხალხი არჩევნების წინ ისმენს.
ამ დროს ოფიციალური სტატისტიკა საკმაოდ იმედიანია, რასაც სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევებიც ამყარებს. კერძოდ, წელს |თუე-ი ყველაზე "ცუდი სცენარის" მიხედვით - 6,2%-იან, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში 6,6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, საშუალოდ კი, |თუე-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,3%-ია. ეკონომიკური ზრდის დაჩქარებულ ტემპს ორგანიზაცია რეგიონში გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს.
ეკონომიკური ზრდის ტემპი არ აეჭვებთ ეკონომიკის სფეროს წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც მთავრობას ურჩევენ, აქცენტი წარმოების განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე გააკეთონ. ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე გავლენას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოახდენს.
"ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან. ამიტომაა, რომ მშპ-ს ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს, ხალხის შემოსავალზე ასე სწრაფად არ აისახება. ეკონომიკური ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. დაახლოებით 2019-20 წლების შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური გავლენა. შეიძლება სამუშაო ადგილები შეიქმნას, წარმოება განვითარდეს, მაგრამ საქართველოში დღესდღეობით ასეთი რეალობა არ არის.
წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა პოპულიზმი, რითაც ქვეყანა ვერასდროს წავა წინ," - განუცხადა "რეზონანსს" ჯგერენაიამ.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, ექსპერტის შეფასებით, იგი სავსებით ნორმალურია, რასაც ლარის გამყარებაც განაპირობებს.
"ფისკალურმა პოლიტიკამ შედეგი მოგვცა, თანაც საკმაოდ სწრაფად. ახლა მთავარი პრობლემაა, ეროვნულმა ბანკმა გააჩეროს ინფლაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ლარის გამყარების ღონისძიებებმა შედეგი გამოიღოს. დღეს ეროვნული ვალუტა სტაბილურია და ესეც ერთ-ერთი პოზიტივია, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს," - განმარტავს ჯგერენაია.
მოსახლეობაში სიღარიბის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს ფინანსისტი შოთა გულბანი, რომელიც ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რის გამოც მშპ-ს ზრდა მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობაზე ვერ ახდენს გავლენას.
"ყურადღება უნდა გამახვილდეს მშპ-ს დათვლის მეთოდოლოგიაზე, სადაც არ არის გათვალისწინებული ის კომპონენტი, რომელიც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდაზე ახდენს გავლენას. ჩვენ თუ ვნახავთ, როგორ ითვლება მშპ, დავინახავთ იმასაც, რომ ძალიან დაბალი მაჩვენებლებია ინკლუზიურ განვითარებასთან დაკავშირებით. ეს კი პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას, მაგრამ ამ კუთხით ერთჯერადი ეკონომიკური რეფორმების განხორციელება მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი არაა სიღარიბის მასშტაბის შემცირების თვალსაზრისით.
ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანია ქვეყანაში, დაახლოებით 0,5 მლნ ადამიანი სოციალური დახმარების მიმღებად არის რეგისტრირებული. რეალურად კი, 1,3 მლნ ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. ასეთ ფონზე მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება მოკლევადიან პერიოდში თითქმის წარმოუდგენელია," - აცხადებს გულბანი.
მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მოცემულობა, მაგრამ ვერაფერს უხერხებს მოსახლეობას, რომელიც ვერ გრძნობს ამ კეთილდღეობას თავის ჯიბეზე.
"დასახელებული ეკონომიკური მაჩვენებლები არის თუ არა საკმარისი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის? ცხადია - არა! რეგიონულ ჭრილში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები, მაგრამ რა ვუყოთ მოსახლეობას, რომელიც ვერ გრძნობს ამ კეთილდღეობას? სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი ხელისუფლების მხრიდან.
მთავარია, ხალხს გაუჩნდეს შემოსავალი. ცხადია, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, დიდი სამუშაოებია გასაწევი, რომ ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობას დაეტყოს. ამისთვის უნდა არსებობდეს მკაფიო სოციალური პოლიტიკა, რომელიც გააჩენს მოთხოვნის ეფექტს მოსახლეობაში, რაც, მთლიანობაში, ეკონომიკური სიტუაციის გამოცოცხლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს," - განუცხადა "რეზონანსს" გულბანმა.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.1%-ით გაიზრდება, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანალოგიური მაჩვენებელი 4.0%-ს უტოლდება. რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით, 2018-21 წლების ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 5.3% იქნება, რაც საქართველოს მთავრობის მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე (5.9%) ნაკლებია.