(რეზონანსი) სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25. მათგან დარღვევა 4 ნიმუშშია.
ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა არის შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა - 6მგ/კგ; მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ, აჯიკა-5,96მგ/კგ, სუნელი-5,60მგ/კგ. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში კილოგრამში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.
2015 წლის 9 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ში საქართველოს საკონსულოდან მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება, საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის შესახებ. ამის შემდეგ შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.
რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია,რომ საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა.
შემოწმებულ ერთ-ერთ ნიმუშში აღმოჩენილი ტყვიის საგანგაშო ოდენობა იყო 27 000 ერთეული მილიონზე. მაშინ, როცა, მაგალითად, ტკბილეულში ტყვიის დასაშვები, უსაფრთხო ზღვარი 0,1-ია.