რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული დატბორვის ფაქტების გამო, საქართველოს მასშტაბით, სულ 17 შეტყობინება დაფიქსირდა.ამის შესახებ ინფორმაციას შსს ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სოფელ ღებში, 400-მდე ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.ადიდებულმა რიონმა გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი წაიღო. ზარალის ოდენობა მილიონ-ნახევარ ლარს აჭარბებს.

ზემო რაჭაში ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ გონაში ორი საავტომობილო ხიდი დაანგრია. სტიქიის შედეგად კურორტ უწერაში ნაპირსამაგრი დაზიანდა, რის გამოც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი და მინერალურ წყალ „ნაპერწკალას" მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.გადაუღებლად წვიმდა ხევსურეთშიც.სტიქიის შედეგად ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული იყო სტეფანწმინდის მიმართულებითაც.

„მიმდინარე წლის 7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს" , - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×