რეზონანსი
08.07.2017

 (რეზონანსი) „ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი დედაქალაქის მთავრობას მიმართავს,რომ შესაბამისი ტექნიკით დაეხმარონ, დაბინძურებულ მტკვარს კი მოხალისეებთან ერთად თავად დაასუფთავებს. ელენე ხოშტარიამ ამის შესახებ განცხადება მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

„მოგვეცით ტექნიკა, მოგვეცით კატერები და ჩვენი რესურსით დავასუფთავებთ მტკვარს. გარდა იმისა, რომ ეს ერთჯერადად უნდა დასუფთავდეს, ზოგადად ჩვენს ქალაქში არის ნაგვის საშინელი პრობლემა. უნდა დასრულდეს ის პერიოდი,როდესაც მერია თვალს ხუჭავს ქალაქის დიდ პრობლემაზე" , - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ძლიერი წვიმების შემდეგ, მტკვარმა გუშინ თბილისის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ნაგავი ჩამოიტანა, რომლის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.თბილისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაბინძურებული მტკვრის დასუფთავება მათი და „თბილსერვის ჯგუფის" ვალდებულება არ არის. მერიაში არც იმაზე აქვთ ინფორმაცია, თუ რომელი უწყების კომპეტენციაა მტკვრის ნარჩენებისგან გაწმენდა.

გარემოს დაცვის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ მტკვრის გაწმენდა მათი ვალდებულება არაა. მათი თქმით, გარემოსდაცვით უწყებას ნარჩენების მართვის პოლიტიკის შემუშავება ევალება და არა ნარჩენების მართვა. გარემოს ეროვნული სააგენტო კი, სპეციალური სინჯით მხოლოდ მდინარის დაბინძურების ხარისხს განსაზღვრავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×