(რეზონანსი) სტუდენტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან ღამე გაათენეს. „არა ოკუპაციას, რუსეთი ოკუპანტია" - ამ ლოზუნგით ე.წ.საზღვრის გადმოწევა შეკრებილებმა გუშინ მსვლელობით გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ახალსოფელთან შეიკრიბნენ და ბერშუეთისკენ გადაინაცვლეს. მათი თქმით, საპროტესტო შეკრება სოციალური ქსელით დაიგეგმა და მისი მიზანი საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო ხელისუფლების გააქტიურებაა.
მსვლელობაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.„არა ოკუპაციას"-ამ სახელწოდების აქცია თბილისშიც გაიმართა. „ევროპული საქართველოს" ახალგაზრდა აქტივისტები პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.აქციის მონაწილეებმა ე.წ მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.
აქტივისტებმა სიმბოლურად პარლამენტთან მავთულხლართებიც აღმართეს. ისინი საზოგადოებას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საფრთხე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, ისე ყველა მოქალაქეს ემუქრება.
რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გადმოსწიეს. გორის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე.წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული. სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.