(რეზონანსი) ქართველი მწერლები ე.წ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას მიმართავენ. როგორც მწერლების მიერ გავრცელებულ პეტიციაშია ნათქვამი, ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში საქართველოს მხარი დაუჭიროს.
მთავრობის გარდა პეტიციის ადრესატი საერთაშორიო პენ-ცენტრიცაა. მწერლები უცხოელ კოლეგებს მოუწოდებენ ხმა აიმაღლონ რუსეთის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.
„ჩვენ, ქართველი მწერლები, საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ნება-სურვილი და გულისტკივილი, სასწრაფოდ მოახდინოს სათანადო, ქმედითი რეაგირება მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ - ატეხოს განგაში, მსოფლიოს ცხადად გააგებინოს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად აპროტესტოს მცოცავი ოკიპაციის პროცესი ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს" , - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.