(რეზონანსი) „დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გვერდით აღმოჩნდა. უცხოურმა მედიამ ამ ფაქტზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. გამოცემებმა აღნიშნეს, რომ მელანია პუტინთან საუბრობდა და იცინოდა.
მედიაში წერენ, რომ ამ დროს დონალდ ტრამპი არ გამოჩენილა. მელანია და პუტინი სავახშმო მაგიდის ცენტრში ისხდნენ, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და არგენტინის პრეზიდენტთან ახლოს. დონალდ ტრამპი მეუღლის გვერდით არ მჯდარა. ის არგენტინის პრეზიდენტის მეუღლესთან საუბრის დროს დააფიქსირეს. ჩინეთის პრეზიდენტი კი საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის გვერდით იჯდა. ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და მისი მეუღლე შენობის გარეთ პოზირებდნენ.
„დიდი ოცეულის" სამიტი გერმანიაში,ჰამბურგში, 7-8 ივლისს საპროტესტო აქციებისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობდა. გერმანიის კანცლერმა ოცეულის წევრ და მოწვეულ წევრებს მოუწოდა, სამიტის ფორმატით ისარგებლონ და დაპირისპირებული სახელმწიფოების ლიდერებმა, არსებული კრიზისების გადასაჭრელად მოლაპარაკებები გამართონ.