გვანცა წულაია
10.07.2017

ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტი 7 ივლისს გაიხსნა. იმავე დღეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა გაიმართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ნახევარ საათს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მოლაპარაკებამ დაახლოებით 2 საათსა და 15 წუთს გასტანა.

განხილული იყო მრავალი თემა, მათ შორის: სირიის, უკრაინის, ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების. შეიცვლება თუ არა რამე მსოფლიო პოლიტიკაში ტრამპი-პუტინის შეხვედრის შემდეგ? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): პიროვნებების შეხვედრები მსოფლიო პოლიტიკაში, რაღაცას ისტორიულად ცვლიან, მაგრამ ძირითადს - არა.

ბუნებრივია, მსოფლიოს ამჟამად ორი ზესახელმწიფო ჰყავს - ერთია რუსეთი, თავისი უზარმაზარი პოტენციალით, მეორე კი - უზარმაზარი ქვეყანა ამერიკა, თავისი უზარმაზარი ეკონომიკით.

ამიტომ ორი ლიდერის, ორი ზესახელმწიფოს შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ბევრი საკითხი იქნებოდა განხილული, რომლებიც მსოფლიოს ყველა კონტინენტს შეეხებოდა.

თუ ორი ლიდერი მსოფლიოს ახალი გადანაწილების განზომილებებით წავა, მაშინ აუცილებლად მოსალოდნელია, ცვლილებები მოხდეს, რომლებიც ამერიკასა და რუსეთს ასე სჭირდება.

 ქეთი ბექაური (იურისტი): არა მგონია, რაღაც უცბად შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში, გაარკვევენ რიგ საკითხებს. ორი უძლიერესი სახელმწიფო მეთაურის შეხვედრა თავისთავად რაღაც ამინდს შეცვლის. ძირითადი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს.

 

 

 

 მიხეილ ცაგარელი  (ასტროლოგი): განსაკუთრებული არაფერი. ტრამპი არ თვლიდა, რომ რუსეთი რაღაც განსაკუთრებულ ძალას წარმოადგენდა. ჩემი დასკვნით, არც ახლა თვლის.

არა მგონია, რაღაც განსაკუთრებული შეიცვალოს. მაინცდამაინც ვერ ვატყობ, რომ ტრამპი რუსეთს სასიკეთოდ უყურებდეს. პოლონეთში ტრამპის ყოფნის დროს საუბარი იმაზე იყო, რომ რუსული გაზი ამერიკულით შეიცვალოს. თუ მან ეს განახორციელა, რასაკვირველია, რუსეთისთვის, ეკონომიკური კუთხით, საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება.

რადგან მან ეს თქვა, ეტყობა, ამას აპირებს. ამიტომ, აქედან გამომდინარე, ტრამპისა და რუსეთის მეგობრულ დამოკიდებულებას ვერ ვხედავ.

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ალბათ, წარმოუდგენელია, ერთი შეხვედრით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს. მაგრამ ის, რომ რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობაში ცვლილებები იწყება - ფაქტია.

 

 

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): მგონი, შეიცვლება. იმის გამო, რომ შეხვედრა დაგეგმილი 45 წუთი იყო და 2 საათი და 15 წუთი ილაპარაკეს, მგონი, რომ აქ დიდი თამაში იწყება. ვფიქრობ, მინი-იალტაა.

გავლენის სფეროებზე უთუოდ იქნებოდა საუბარი, რაც ძალიან სამწუხაროა. ლავროვის ინტერვიუში ოთხი თემა გამოჩნდა - უკრაინა მათ შორის, საქართველო, თუ არ ვცდები, არ გამოჩენილა. ეს ჩვენი დიპლომატიის ძალიან დიდი წარუმატებლობაა. შესაძლოა, ძალთა თანაფარდობა გადათამაშდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×