რუსეთი ე.წ. საზღვრის ბანერით მალე ქარელის 2 სოფელსა და ყორნისში მიიტაცებს ქართულ მიწას
ეკატერინე ბასილაია
10.07.2017

 შიდა ქართლში რუსული მცოცავი ოკუპაციის აღმნიშვნელი მწვანე ბანერი, სოფელ ბერშუეთის შემდეგ უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე ქართულ სოფელში გაუყოფს ადგილობრივებს საკუთარ სახნავ-სათეს მიწებსა და ბაღებს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მხრიდან უკვე დაანონსებულია ქარელის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის, ცერონისისა და თამარაშენის მიწების კიდევ მიტაცება.

ასევე საუბარია დაბა ყორნისის მიმართულებაზეც და ამ მავთულხლართებსა და მწვანე ბანერების აღმართვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინი "პროცესის ნორმალურ განვითარებად" აფასებს და პირიქით, უკმაყოფილოა იმ ქართველებით, ვინც ე.წ. საზღვართან ამ ბანერებს აპროტესტებენ.

"რა ხდება? ხდება ის, რომ საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთს" შორის უნდა იყოს საზღვარი და ამას აკეთებენ "სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენლები. მათ არაერთხელ მოითხოვეს საზღვრის დემარკაციის საკითხზე მსჯელობა, მაგრამ ქართულ მხარეს ეს არ სურს", - ამის შესახებ კარასინმა გუშინ პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ასევე თქვა, რომ პრაღის შეხვედრამდე გარკვეული ძალები სპეციალურად ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ისინი, ვინც "რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინააღმდეგნი არიან" და ამიტომ ე.წ. საზღვარზე აქციებს აწყობენ.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობას ეხება და ამ ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე შეკითხვები ჟენევის ფორმატში უნდა დაისვას და არა - პრაღის შეხვედრებზე.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი გორის სოფელ ბერშუეთში აღმართეს, ადგილობრივების 10 ჰექტარი სათიბი მიწა მიიტაცეს და 700 მეტრით გადმოსწიეს საოკუპაციო ხაზი.

ოფიციალურმა თბილისმა სტანდარტულად ღრმა შეშფოთება გამოხატა მცოცავი ოკუპაციის, "ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო". 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ კი რუსული მცოცავი ოკუპაციის საკითხზე პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნა და ასევე დეტალურად გაწერილ ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება მოითხოვა.

ჯერ უცნობია, დაინიშნება თუ არა უშიშროების სხდომა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი შეხვდა და როგორც შეხვედრის შემდეგ დავით რექვიაშვილმა თქვა, კონსულტაცია გაიმართება პრეზიდენტთან და მარგველაშვილი გადაწყვეტს, მოიწვიოს თუ არა საგანგებო სხდომა.

თავად "ქართული ოცნება" უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავს და არასამთავრობოების ამ მოთხოვნას სპეკულაციას უწოდებს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "უშიშროების საბჭო არ არის ის ადგილი, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს".

ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსების გამო კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციაც და პოლიტოლიგებიც. "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ის, რაც მოხდა ბერშუეთში, ჯერ კიდევ 12 მაისს იყო ერგნეთში დაანონსებული.

ინციდენტების პრევენციის კომისიის შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ივნისი-ივლისიდან განახლდებოდა ბორდერიზაცია და ამ შეხვედრაზე მან სამი მიმართულებაც დაასახელა: ზნაურის თემის მიმართულება, ყორნისის მიმართულება და მესამე - გორის მუნიციპალიტეტი, ხელისუფლებამ კი ეს დამალა.

"ორი თვეა, ამის შესახებ იცის ხელისუფლებამ და ხმა არ ამოუღია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორი უვიცი, მოუმზადებელი და მშიშარაა ყველა ასეთ მნიშვნელოვან ქმედებაზე. ახლა ამბობენ, ვიცოდით და ჟენევის ფორმატში დავაყენეთო. დავიღალეთ თქვენი ტყუილებით, რატომ არ გააფრთხილეს საზოგადოება და რატომ არ იყო უფრო ქმედუნარიანი ხელისუფლება?" - ამბობს ბარამიძე "პირველ რადიოსთან" საუბარში.

შერიგების სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ერგნეთის შეხვედრაზე სანაკოევის მხრიდან დაანონსებული იყო ერთი ლოკაცია, ქარელის რაიონის ცერონისისა და თამარაშენის სოფლებიდან საქონლის გადასვლა-გადმოსვლის პრობლემები დასახელდა მიზეზად.

 "ამაზე მაშინვე გაკეთდა განცხადებები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც მონაწილეობლს ამ შეხვედრებზე და ისინიც ინფორმირებული იყვნენ. სხვა კონკრეტული ლოკაცია არ დასახელებულა.

"რაც შეეხება იმას, ველოდებით თუ არა კიდევ პროცესის გაგრძელებას, შეგვიძლია გითხრათ, რომ მავთულხლართებისა და ბანერების განთავსების პრევენციისთვის მუშაობა მუდმივად მიდის", - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

"ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი უკმაყოფილოა ოფიციალური თბილისის რეაქციით. მისი თქმით, თუკი ე.წ. ბორდერიზაციის გაგრძელების შესახებ მაისში იცოდნენ, მაშინვე უნდა აეტეხათ ის აჟიოტაჟი, რაც ახლა ატყდა.

"სამწუხაროდ, ეს აჟიოტაჟი დღესაც ხელისუფლების მიერ კი არ არის ატეხილი, არამედ - საზოგადოების მიერ. ომს ვერ დაიწყებდნენ, მაგრამ მთელი საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ.

"პლუს, ყველა ტრიბუნა უნდა გამოგვეყენებინა ამ პრობლემატიკაზე სალაპარაკოდ. საინფორმაციო პოლიტიკა არ ტარდება და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ამით ბევრს ვაგებთ. ასევე აუცილებელია, საქართველომ გააძლიეროს საპოლიციო საქმიანობა საოკუპაციო ზოლის მთელ პერიმეტრზე, თუმცა ეს სისტემა 2012 წლიდან მოიშალა.

"არანაირი პოლიტიკა და ხედვა არ არსებობს, თუ საით უნდა წავიდეს ეს პროცესი და რა რეაგირება უნდა მოხდეს. სრული კატასტროფაა", - ამბობს ცქიტიშვილი.

მისი თქმით, რთულია დღეს იმის დადგენა, ხვალ კიდევ სად გაავლებენ მავთულხლართებს, მაგრამ საავტომობილო მაგისტრალთან სულ რაღაც 450 მეტრშია საოკუპაციო ჯარი და დიდი საფრთხეა, რომ პროვოკაცია მოაწყონ და მაგისტრალი გადაკეტონ.

"მაგისტრალთან ასე ახლოს ყოფნას რუსული მხარე პოლიტიკური წნეხისთვის იყენებს, რომ უფრო ლოიალური გაგვხადონ და რამე მკვეთრი ნაბიჯები არ გადავდგათ, თუნდაც იმავე ნატო-ს მიმართულებით. ეს არის საფრთხობელა, რომ ჩვენ აგერ 500 მეტრში ვართ და საქართველოს შუაზე გადავჭრით", - დასძენს ცქიტიშვილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების ყოფილ მინისტრ პაატა დავითაიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზის პერიმეტრი უფრო გაემაგრებინა, 2012 წლის შედეგ პირიქით, ქართული ბლოკპოსტები საერთოდ მოიხსნა და ამის შემდეგ უფრო გააქტიურდა ე.წ. ბორდერიზაცია და ჩვენი მიწების უფრო და უფრო მიტაცება.

"გამოვიდა ბატონი ზაქარეიშვილი და თქვა, ახლა ომს ხომ არ დავიწყებთ და სიტუაცია რომ არ დაიძაბოს, საგუშაგოებს მოვხსნითო. 2016 წელს ყველაფერი უკვე გადმოწეული იყო, მერე დააყენეს საგუშაგოები. ახლა საავტომობილო მაგისტრალთან 450 მეტრშია საგუშაგო.

"რეალურად, შესაძლოა, რუსმა ავტომატით ატეხოს სროლა, მოხვდეს სატრანზიტო თუ ჩვეულებრივ მანქანას და მთელი მაგისტრალი პარალიზებული გახდება. ამაზე ვერავის ვერ გამოეკიდები. ჩვენ კი ერთმანეთს ტელედებატებში ვლანძღავთ და არაბებს ვუწყობთ მარშს, თორემ რუსების წინააღმდეგ არ ვაპირებთ არაფრის გაკეთებას", - ამბობს დავითაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×