(რეზონანსი) თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დახურული მდინარეების გახსნას ითვალისწინებს. ამის შესახებ დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 56 დახურული მდინარეა, რომელთა გარკვეული ნაწილის გახსნა აუცილებელია.
„თბილისში არის 56 მდინარე, რაც მტკვარს უერთდება. გლდანულას ხევში, კალაპოტში მიდის მშენებლობები, ეს სამარცხვინოა.კეკელიძის ქუჩაზე რაც გავაკეთეთ და მთელი ვარაზისხევი ამოვაშენეთ, ამან ხელი შეუშალა ჰაერის ნაკადების შემოსვლას. მაგალითად, სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი მდინარე გადახურეს, მაგისტრალები გაიყვანეს და შემდეგ მიხვდნენ, რაც გააკეთეს და ორი-სამი წლის წინ მთელი მაგისტრალი გააუქმეს" , - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა,რომ დედაქალაქის მერიას რეკომენდაციები გაუგზავნეს. მერაბ ბოლქვაძის თქმით, მერიამ დოკუმენტი უკვე ჩაიბარა და უახლოეს პერიოდში მისი საჯარო განხილვები იგეგმება, რაც დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება. ამის შემდეგაც მერია გენგეგმას დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.