(რეზონანსი) თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მან ქრთამი ერთ-ერთი მოქალაქისგან გუშინ, 11 ივლისს აიღო.
გამოძიებამ დაადგინა, ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.
მან მოქალაქეებს უთხრა,რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.