(რეზონანსი) ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენთი" რუსეთის მიერ საქართველოში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება. გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთმა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზი რამდენიმე ასეული მეტრით გადმოსწია.
„კრემლის ჯარებმა სასაზღვრო ბანერები რამდენიმე ასეული მეტრით გადასწიეს, რაც პუტინსა და ტრამპს შორის პირველ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა", - ნათქვამია სტატიაში.
ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა დასავლეთს მოუწოდა, რომ მოსკოვს დაუპირისპირდნენ.
„რუსეთი გაცილებით სუსტ პოზიციაშია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეძლო აგრესიული პოლიტიკის გატარება, ვინაიდან ისინი იმედოვნებდნენ, რომ ჩვენ მათ მტკიცედ არ ვუპასუხებდით", - განაცხადა კურტ ვოლკერმა „ბი-ბი-სი"-ს რადიოსთან ინტერვიუში.
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ სასაზღვრე ბანერი გუშინ ქარელის რაიონის სამ სოფელში, კნოლევში, ცერონისსა და ავლევშიც ე.წ. საზღვარი ხნულის გავლით მონიშნეს. 4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე. წ. საზღვარი 500 მეტრით გადმოსწიეს.
ოკუპანტებმა ბანერი გია ხოდელის მიწაზე გადმოსწიეს. მას მოსავლის აღების და დათესვის პრობლემა შარშანაც შეექმნა. ფერმერის განცხადებით, მათ დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგეს. სოფელი ბერშუეთი მდინარე ბერშუეთის სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.