რეზონანსი
12.07.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერია თავისი თანამშრომლის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ოთარ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ,რომ მსგავს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ და გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

„ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება შესაბამისი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ისე - საგამოძიებო უწყებების მხრიდან. მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს, ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს" , - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, მან ქრთამი ერთ-ერთი მოქალაქისგან გუშინ, 11 ივლისს აიღო.

გამოძიებამ დაადგინა, ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

მან მოქალაქეებს უთხრა,რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ოთარ აბესაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×