(რეზონანსი) გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ ქვახვრელში სასმელი წყალი კომუნისტების დროსაც კი არ ჰქონდათ. ამის საპასუხოდ ადგილობრივებმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფოტო გაუგზავნეს,რომელზეც გასული საუკუნის 70-იანი წლებში გაკეთებული ონკანი ჩანს.
„აჩვენეთ ეს ფოტო გამგებელს. აქაც რომ იყო სოფელში, თქვა, წყალი კომუნისტების დროსაც არ გქონდათო და იქნებ თქვენ უთხრათ სიმართლე, რომ ტყუილების ნაცვლად საქმე აკეთოს" , - აცხადებენ ქვახვრელის მცხოვრებლები.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სასმელი წყლის გაყვანის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობდა. სამუშაოების დასრულების ვადა რამდენიმეჯერ გადასწიეს, საბოლოოდ კი პროექტი მიატოვეს.
კომპანია „არქიკულტურამ" პროექტის განხორციელებისთვის 880 000-ლარიანი დაფინანსება მიიღო. სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებიყო. „არქიკულტურამ" ამ ხნის განმავლობაში 800 000 ლარი „აითვისა".
კომპანია „არქიკულტურის" ხელმძღვანელმა, გოჩა გუნიავამ, ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის დასასრულებად, ვადის გადაწევა ორჯერ ითხოვა. კომპანიის დირექტორი სამუშაოების დაგვიანების მიზეზად, ყინვებსა და ზამთრის ცუდ პირობებს ასახელებდა. მეორე ვადა 2017 წლის 21 თებერვალს ამოიწურა. სამუშაოები ისევ არ დასრულდა.
3 მარტს „არქიკულტურას" თანამშრომლებმა სასმელი წყლის შეჩერებული პროექტის სამუშაოები განაახლეს. ადგილზე ტრაქტორი სადემონსტრაციოდ მიიყვანეს. კომპანიის დირექტორი მოსახლეობას დაპირდა,რომ სასმელი წყალი მარტის ბოლოს ექნებოდათ.