თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. შესაბამისად, გაურკვეველია, გახდება თუ არა რომელიმე რეგიონი "ოცნებისთვის" აქილევსის ქუსლი. "ოცნების" მარცხს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პროგნოზირებს. ამბობს, რომ მთავარი ორთაბრძოლა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. თბილისში მერობის კანდიდატთა ვინაობა მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა.
ანალიტიკოსები რეგიონების უმეტესობაში მეორე ტურს პროგნოზირებენ, თუმცა საბოლოოდ, ოქტომბერში რა შედეგი დადგება, დაახლოებით 4 თვეში გამოჩნდება.
ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ვარაუდით, "ოცნება" თითქმის ყველგან მოიგებს არჩევნებს და ეს გარკვეულწილად განაპირობა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფამ, რაც "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს."რა ხდება კონკრეტულად რეგიონებში, ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ჩემი აზრით, თითქმის ყველა რეგიონში არჩევნებს სახელისუფლებო პარტია მოიგებს. არსებობს საფრთხე, რომ "ოცნება" იქცეს კომუნისტურ პარტიად. ანუ, კონკურენტის გარეშე რჩება.
"არ ვიცი, რა ხდება ახალციხეში, სამეგრელოს ზოგიერთ რეგიონში და ბათუმში, თუმცა, შარშანდელ არჩევნებთან შედარებით, იქ "ოცნებას" ახლა, შესაძლოა, ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდეს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული რეგიონები ახლა ცოტა სხვანაირად გადანაწილდა და, შესაძლოა, "ოცნებამ" ამით სასათბურე პირობები შეიქმნა. მეორე - მთავარი ოპოზიციური ძალა გაიყო, ამის გამო კი თუ მაშინ არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან ცოტა დააკლდა, ახლა კიდევ უფრო მეტი დააკლდება, რადგან მას ხმებს წაართმევენ ვაშაძე და "ევროპული საქართველო".
"ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ თვითმმართველობის არჩევნები ყველა რეგიონში მმართველმა ძალამ მოიგოს."
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი "ოცნების" მარცხს რამდენიმე რეგიონში პროგნოზირებს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს დამოკიდებულია ოპოზიციურ პარტიასა და ამომრჩეველთა რაოდენობაზე. მისივე თქმით, ყველა ქალაქსა თუ სოფელში მთავარი ორთაბრძოლა "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის გაიმართება.
"ჩემი აზრით, "ოცნებას" მოგება გაუჭირდება ქვემო ქართლში, მაგალითად, მარნეულში. ასევე, მძაფრი კონკურენტული ბრძოლა მოსალოდნელია სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ ახალციხეში, გარდა ამისა, შეიძლება აჭარაშიც. ამ რეგიონებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რაოდენობა შედარებით მაღალია.
"საერთოდ კი, მეტ-ნაკლებად ყველა რეგიონში გაუჭირდება მოგება. როგორც ცნობილია, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნა ძალიან ბევრ რეგიონში გახდა საჭირო," - გვითხრა ჩიტაძემ.
მისივე თქმით, რაც უფრო ნაკლები ამომრჩეველი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, მით უკეთესია სახელისუფლებო კანდიდატებისთვის.
"ბევრი რამე დამოკიდებულია ხალხის მობილიზებაზე. რაც უფრო ნაკლები ხალხი მივა, მით უკეთესი "ოცნებისთვის." ანუ "ოცნება" მოახერხებს 300 ათასამდე ხალხის მობილიზებას მუნიციპალიტეტში დასაქმებული ხალხით და მათი ნათესავებით. ხოლო თუ მეტმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ბევრი გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, მით უარესი "ოცნებისთვის."
"ძირითადად მთავარი ორთაბრძოლა გაიმართება "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" კანდიდატებს შორის. ახლა "ნაციონალებზეა" დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ ამომრჩეველთა მობილიზებას. კიდევ მათ მოუწევთ "ოცნების" სუსტ წერტილზე მუშაობა," - გვითხრა ჩიტაძემ.