(რეზონანსი) „არა ოკუპაციას!" - აქციის მონაწილეები თბილისიდან ბერშუეთისკენ უკვე დაიძრნენ. ორგანიზატორების განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი და შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
ე.წ საზღვართან აქციის მონაწილეები ფეხით მიდიან, მათ თან საქართველოს და ამერიკის დროშები აქვთ. მსვლელობაში მონაწილე ადამიანები ამბობენ, რომ ისინი დღეს მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტებენ რუსულ ოკუპაციას. აქციის მონაწილეების თქმით, აქ მთელი დღე დარჩებიან, საღამოს რვა საათზე კი, თბილისიდანაც შემოუერთდებიან.
„ჩვენ არ მივდივართ ერთი კონკრეტული ბანერის გასაპროტესტებლად. ჩვენ ვაპროტესტებთ რუსეთის აგრესიას და იმ მცოცავ ოკუპაციას, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ტემპს იძენს და საშიში ხდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის" , - განაცხადა ლაშა ბერულავამ.
გაზეთ „ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან საქართველოს საზღვრების რუსი ჯარისკაცების მიერ გაკონტროლებას, უმრავლესობაში არიან.
„ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ქართული საზღვრები გააკონტროლონ რუსმა სამხედროებმა და ქართული საზღვარი მოვიდეს ლამის უკვე ავტობანამდე. რუსეთში უნდა იცოდნენ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გაუწევენ წინააღმდეგობას საოკუპაციო პოლიტიკას. ის ადამიანები, რომლებიც ითხოვენ ოკუპაციის კანონის გაუქმებას, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ ქვეყანაში არიან უმცირესობაში," - აცხადებს ელისო კილაძე.
4 ივლისს, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს. ადგილობრივების თქმით, ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რამდენიმე ადგილზე დადგეს. მოსახლეობამ დაახლოებით, 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაკარგა.