(რეზონანსი) საქალაქო სასამართლოში ოთარ აბესაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე დღევანდელ სხდომაზე ოთარ აბესაძის აღკვეთის გარეშე ან 15 ათას-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვს. საქმის პროკურორის განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიებას აქვს ყველა საჭირო დოკუმენტი იმის დასასაბუთებლად,რომ მერიის მაღალჩინოსანმა ოთარ აბესაძემ 3000 დოლარის ოდენობით ქრთამი ნამდვილად აიღო.
პროკურორმა დაადასტურა, რომ ოთარ აბესაძე საუბრისას ახსენებს სხვა მაღალჩინოსანსაც, თუმცა ვისი სახელით და თანამდებობით სარგებლობდა აბესაძე, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ,რომ საქმეში შესაძლოა სხვა მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.
პროკურატურა აუდიოჩანაწერის ამონარიდსაც ავრცელებს,სადაც ოთარ აბესაძე საქმეში მერიის სხვა თანამშრომლების ჩართულობაზეც საუბრობს: „კაროჩე, ახლა რა თემაა, კაროჩე, მაგას გადაეცი-მეთქი, როგორც მითხარი ძმაო სამი ათასი დოლარი, მიდი ახლა და არქიტექტურის გოგოებს მე მივხედავ, არაა პრობლემა ქონების მართვაშიც ჩავა. ის არ თანხმდება 1000 დოლარზე და 2000-ს ითხოვს".
თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას წარმომადგენელს ბრალად ქრთამის აღება ედება. გამოძიების ვერსიით, ოთარ აბესაძემ ერთ-ერთ რესტორანს მშენებლობისთვის საჭირო ნებართვების მიღების სანაცვლოდ 3000 დოლარი გამოართვა.
გამოძიებამ დაადგინა, ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა. მან მოქალაქეებს უთხრა,რომ თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. (ოთარ აბესაძე)