რეზონანსი
14.07.2017

 (რეზონანსი) ქანდის ტაძარში მამა სერაფიმეს გალობის ფონზე „უცნობის" წარმოდგენას, საჯარო აღსარებას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ლექსის და გალობის გაერთიანების იდეის შესახებ, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ და მამა სერაფიმემ „იმედის" ეთერში ისაუბრეს. მათ აღნიშნეს,რომ უწმინდესისგან კურთხევა ჰქონდათ, საზოგადოებას კი შესაძლო გაღიზიანებისთვის ბოდიშს უხდიან.

მამა სერაფიმე 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მცხეთის თეატრონში დაგეგმილ კონცერტს აანონსებს,სადაც სასულიერო პირის და რამდენიმე მომღერლის შემოქმედების სინთეზს წარადგენენ.

„ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა, არ ვაპირებდით ტაძარში წარდგენას, კლიპის გადაღება გვსურდა.მამა სერაფიმე ცოტა ხნის წინ გავიცანი. კელიაში უცებ, უბრალოდ დაიბადა ეს აზრი,რომ ჩემს ლექსზე აკომპანემენტი მამაოს გაეკეთებინა. ეს რეაქცია არ იყო მოულოდნელობა" , - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ქანდის მონასტრის წინამძღვარი აღნიშნავს,რომ პასუხისმგებლობას „უცნობის" აღსარებაზე თავად იღებს. როგორც სასულიერო პირი ამბობს, მან წირვის დასრულების შემდეგ თავად სთხოვა გია გაჩეჩილაძეს,რომ ლექსი წაეკითხა.

„ყველაზე დიდი საჩუქარი ღვთისგან არის თავისუფალი ნების გამოხატვა. მიხარია, როცა ადამიანი თავის პოზიციას დააფიქსირებს და იტყვის,რომ ეს არ მოეწონა. თუმცა, არ არის ლამაზი ქილიკი.სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ გიას ტაძარში ეთქვა თავისი აღსარება. წირვა დასრულდა, ხალხი ნაზიარები იყო, უბრალოდ, გამოცვლა ვეღარ მოვასწარი და მე ვთხოვე გიას,რომ ეთქვა ლექსი. ეს იყო დაშვება, გამონაკლისი".

მამა სერაფიმეს თქმით, მათ ლექსი და გალობა ჯერ პატრიარქს აჩვენეს, მისგან კურთხევა ჰქონდათ.

„უწმინდესის იდეა იყო,რომ გაგვეკეთებინა პროექტი,რომელიც გაგვაერთიანებს ერის ხალხს და სასულიერო პირებს. ვფიქრობდით, როგორ შეიძლება სხვადასხვა ხასიათის ხალხი დადგეს ერთად. ილია მეორემ გვითხრა, რომ მას მოსწონს, მაგრამ გვთხოვა აღარ გავიმეოროთ, რადგან ხალხი რადიკალურად შეხვდა. პატრიარქმა გვითხრა,მე ამას ერის სახელით აღსარებას დავარქმევდიო. პირველი წარდგენისას უწმინდესმა იტირა" , - განაცხადა ქანდის მონასტრის წინამძღვარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×