(რეზონანსი) მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, „ბახალა" თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატმა გირაოს სანაცვლოდ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლება მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გიორგი გიორგანაშვილმა გირაო 4 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.
„ბრალდებაზე საქმე ლაპარაკობს, რეალურად, მოსამართლის გადაწყვეტილება ძალიან ინდივიდუალურია და ვთვლი, რომ იმ ტენდენციაში ჩაჯდა, რაც აქამდე იყო. ჩემი დაკავება მოხდა სამართალდამცველების მხრიდან, ჩემზე იყო ზეწოლა, ჩემს სამეგობრო წრეებთან დაკავშირებით არსებული მცდარი წარმოდგენების გამო, დამაყენეს ორ მნიშვნელოვან ფასეულობას შორის, უნდა გამეკეთებინდა არჩევანი ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის" , - განაცხადა გიორგანაშვილმა.
მისივე თქმით, სახლში დარეკვის უფლებას არ აძლევდნენ და ყოველგვარ კომუნიკაციას უზღუდავდნენ. გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება.