(რეზონანსი) 2019 წლიდან ქვეყნის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება სავალდებულო გახდება. თბილისში დაგეგმილია ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში სავარაუდოდ ერთ წელიწადში შევა. ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებელმა კომპანია „კადევე ჯორჯიამ" შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება გულისხმობს მის ინსენერაციას, ანუ წვას, საიდანაც ალტერნატიული ენერგია მიიღება. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელის მრჩეველი, ხათუნა ჩიკვილაძე „ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მინიმალური სიმძლავრის ინსილატორის დასამონტაჟებლად დღეში 100 ტონა ნარჩენია საჭირო,თუმცა თბილისის შემთხვევაში დღის განმავლობაში 1000 ტონა მყარი ნარჩენის შეგროვება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს ფუნქციონირებისთვის თბილისი ოპტიმალური ადგილია.
ხათუნა ჩიკვილაძის თქმით, ნარჩენის წვის შედეგად შესაძლებელია სითბური ენერგიის მიღება ან ამ ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა.მისი ინფორმაციით, წლიურად საქართველოში მილიონ ტონამდე ნარჩენის შეგროვება ხდება.
„ნარჩენების წვის შედეგად ელექტროენერგიის მიღება საკმაოდ ძვირადღირებული იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს საწვავად ან თანასაწვავად, რასაც აქტიურად გამოიყენებს მეტალურგიული თუ ცემენტის ქარხნები" , - აცხადებს ხათუნა ჩიკვილაძე.