(რეზონანსი) „გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოფლის მეურნეობაზე აქცენტის შემცირებაზე და ურბანიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მან „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა, რომ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას იქ დარჩენის მოტივაცია ხელოვნურად არ უნდა მისცენ.
„როგორ წესი, განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობას უჭირავს მცირე ნაწილი. ან უნდა მივყვეთ ბუნებრივ პროცესს, ან არის ცუდი და მავნებლური გზა, როდესაც მთავრობები იღებენ სპეციალურ კანონებს და მათ მიზნებში წერია, რომ ხალხი უნდა დავაბათ სოფლებში. ნებისმიერი სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მიმართულია ბენზოხერხის, ვაუჩერის, თუ თოხის მიცემაზე, მოსახლეობის მოტყუებაა" , - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„გირჩის" ლიდერი აღნიშნავს, რომ ტერმინი გლეხი უნდა შეიცვალოს, სოფელში თვითდასაქმებული ადამიანები მცირე, მაგრამ მაინც ბიზნესსაქმიანობას ეწევიან და მათ ბიზნესმენები უნდა ვუწოდოთ.
„ „გლეხობა ტეხავს" ფრაზას სხვა ახსნა აქვს. გლეხს ვეძახით ადამიანს,რომელიც უნდა შევიცოდოთ და დავეხმაროთ. გლეხი ადრე იყო ჩვეულებრივი მონა,რომელსაც არც საკუთრება გააჩნდა, არც გადაადგილება შეეძლო. გლეხობა საქართველოში აღარ არსებობს. ეს დამამცირებელი ტერმინი უნდა დავივიწყოთ. ეს ადამიანები არიან ბიზნესმენები და არა გლეხები" , - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა „გირჩის" ლიდერმა.