გვანცა ღვედაშვილი
15.07.2017

 პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ჩვენების საფუძველზე, პროკურორის განცხადებით, დადასტურდა, რომ თეთრუაშვილი დეკანოზის კარიერული წინსვლისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. თუმცა დეკანოზის ადვოკატ გიორგი ფანცულაიას პოზიცია განსხვავებულია. მისი თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა.

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება. გუშინ სასამართლოში პატრიარქის მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა მისცა ჩვენება, რის დასრულების შემდგომაც პროკურორმა და დეკანოზის ადვოკატებმა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გამოხატეს.

როგორც შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის დასრულების შემდგომ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და მიიჩნევდა, რომ ის მისი კარიერული წინსვლის დამაბრკოლებელი და ხელის შემშლელი პირი იყო.

"შორენა თეთრუაშვილმა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა, მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც გიორგი მამალაძის მიერ სხვადასხვა ცილისმწამებლური სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წარმოიშვა. თეთრუაშვილმა თავის დროზე მას ჰკითხა, თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენებიო, რასაც გიორგი მამალაძის გაღიზიანება და არასათანადო საუბარი მოჰყვა.

"მოწმემ ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი მამალაძემ შეიძინა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, კერძოდ, მიეცა უფლება, რომ საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე მიემართა სხვადასხვა პირისთვის, ხოლო კანონით ასეთი უფლებამოსილების მქონე პირი არის ქორეპისკოპოსი და პატრიაქის მდივანი, ერთ-ერთი, ვინც პატრიარქთან მივიდა და განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ამ უფლებამოსილების შესაფერისი თანანმდებობა არ ეკავა, იყო შორენა თეთრუაშვილი, რის შემდეგაც გიორგი მამალაძე დააქვეითეს.

"ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გიორგი მამალაძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შორენა თეთრუაშვილისადმი და მიიჩნევდა, რომ ის იყო მისი დამაბრკოლებელი კარიერულ წინსვლაში," - განაცხადა ზვიად გუბელაძემ და აღნიშნა, რომ თეთრუაშვილის ჩვენებით დამტკიცდა ისიც, რომ დეკანოზი ცილისმწამებლურ სტატიებს ირაკლი მამალაძეს და სხვა ჟურნალისტებს უკვეთავდა.

"შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიას, რომელიც იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მიზნად ისახავდა სასულიერო პირების დისკრედიტაციას. უკვეთავდა სხვადასხვა პირს, მათ შორის იყვნენ ირაკლი მამალაძე და სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ავრცელებდნენ ცილისმწამებლურ სტატიებს," - აღნიშნა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორის თქმით, თეთრუაშვილის ჩვენებით ისიც დასტურდება, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია. ამის შესახებ სწორედ დეკანოზმა განაცხადა დაკავების შემდგომ.

"დაზარალებულის ჩვენებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს უთხოვია გიორგი მამალაძისთვის გველის შხამი და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია.

"შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, ასევე, დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიას, რაც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირის დისკრედიტაციას," - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

პროკურორისგან სრულიად განსხვავებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას, ვერსია. მისი თქმით, თეთრუაშვილმა ვერ დაადასტურა ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა მამალაძეს ანგარების მიზეზი ან აპირებდა თუ არა მის მკვლელობას. ამასთან, ადვოკატის თქმით, შორენა თეთრუაშვილმა დაადასტურა, რომ მან დეკანოზს სთხოვა უკრაინიდან რაღაცის ჩამოტანა, თუმცა ციანიდთან დაკავშირებით დასტური არ უთქვამს.

"მას კონკრეტული კითხვა დავუსვით: ჰქონდა თუ არა რაიმე ანგარების მოტივი გიორგი მამალაძეს, რომ თქვენი მკვლელობა მოემზადებინა. მან თქვა, რომ "არანაირი ანგარების მოტივი მე მისთვის არ მიმიცია." შემდეგი კითხვა დავუსვით: ჰქონდა თუა არა რაიმე საბაბი საერთოდ, რის გამოც შეიძლება მოეკალით გიორგი მამალაძეს, რაზეც განაცხადა, რომ მისთვის ასეთი საბაბი ცნობილი არ არის. ასევე, ვკითხეთ, როგორ ფიქრობთ, ამზადებდა მამალაძე თქვენს მკვლელობას? მან თქვა, რომ არ იცის. შემდეგი კითხვა იყო, მიირთმევდა თუ არა ტკბილს და შაქარს. მან თქვა სიტყვასიტყვით, რომ "მე ჩვეულებრივად მივირთმევ ტკბილს და შაქარს, როგორც ნებისმიერი ჩვეულებრივი ჯანმრთელი ადამიანი." შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში ის ამოჭრილი ფრაზები, რაც გავრცელებულ ვიდეოში გავიდა ტკბილთან და შაქართან დაკავშირებით, არ განეკუთვნებოდა თეთრუაშვილს.

"თეთრუაშვილს, ასევე, ვკითხეთ, მზადდებოდა თუ არა 100 წლის იუბილე და ამასთან დაკავშირებით სთხოვა თუ არა გიორგი მამალაძეს რაიმე. ალბათ იცით, რომ გიორგი მამალაძემ თქვა, რომ მან სთხოვა როგორც ციანიდი, ასევე ხელნაწერების ჩამოტანა უკრაინიდან. მან თქვა, რომ დიახ, უკრაინიდან ჩამოტანასთან დაკავშირებით მან სთხოვა, ხოლო ციანიდთან დაკავშირებით არ დაადასტურა," - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და დეკანოზს მუხლი ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებით გადაუკვალიფიცირა.

გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის, გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. ამასთან, პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასაც ედავება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×