"დაიწყო ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა" - ასე შეაფასა "ქართველთა მარშის" ერთმა ორგანიზატორმა სანდო ბრეგაძემ გუშინ გამართული მსვლელობა, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, 24-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო და "მარჯანიშვილის" მეტროსთან სიტყვით გამოსვლებით დასრულდა.
გარდა ამისა, აქტივისტები ქვეყანაში საიმიგრაციო კანონის გამკაცრებას და უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების აკრძალვას მოითხოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ აქციის მსვლელობისას თურქული კაფე-ბარების ნაწილი დახურული იყო, ნაწილთან კი შსს-ს თანამშრომლების განსაკუთრებული მობილიზება შეიმჩნეოდა.
სანდრო ბრეგაძის თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალი საიმიგრაციო კანონის შემუშავება, დეპორტირებულ იქნეს ქვეყნიდან ყველა არალეგალი, შსს-მ დაიწყოს ქმედებები უცხოელების არალეგალური საქმიანობის აღსაკვეთად და, ასევე, აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" და არასამთავრობოთა უცხოეთიდან დაფინანსება.
"აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: სასწრაფო წესით მიიღონ ახალი საიმიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; ასევე, აღსრულდეს კანონი და სასწრაფო წესით იქნეს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მესამე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყოს ქმედითი მასობრივი ღონისძიებები არალეგალური კრიმინალური საქმიანობის აღსაკვეთად, რასაც ახორციელებენ უცხოელები, ძირითადად ეს შეეხება ნარკოტიკებით ვაჭრობას და პროსტიტუციას; მეოთხე მოთხოვნა არის, რომ აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" და შემოიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება," - განაცხადა ბრეგაძემ.
აქციის მონაწილეებმა პეტიციაც შეიმუშავეს, რომელსაც მთავრობას გადაუგზავნიან. ისინი ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ მათი მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.