რეზონანსი
15.07.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანის ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად, მოსახლეობის შემოწმებას გეგმავს. კვლევა ამერიკელი სპეციალისტების მიერ ქართულ სანელებლებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სკანდალურ დასკვნას ეფუძნება, რომელიც ადასტურებს, რომ იმ პირების ორგანიზმში, რომლებიც ამ პროდუქტს მოიხმარდნენ, მძიმე მეტალის საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა.სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, ტყვიის შემცველობაზე კვლევისთვის, სხვადასხვა სახეობის სუნელ-სანელებლის 75 ნიმუში აიღეს და აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. აღებული ნიმუშებიდან უკვე გამოკვლეულია 25. მათგან დარღვევა 4 ნიმუშშია.

ტყვიის დაშვებულზე მაღალი შემცველობა არის შემდეგ სუნელ- სანელებლებში: წითელი წიწაკა - 6მგ/კგ; მშრალი აჯიკა-6,38მგ/კგ, აჯიკა-5,96მგ/კგ, სუნელი-5,60მგ/კგ. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში კილოგრამში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

საქართველოში სანელებლების გარდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არაერთ პროდუქტს მოიხმარს, რომელიც რისკ ჯგუფში შედის. ამის მიუხედავად, ამ დრომდე არ არსებობს სრული მონაცემები ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქიმიური ნივთიერების მონაცემების შესახებ.

სურსათისა და გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოებში დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში ვითარება საგანგაშო არ არის. საკვები, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ და ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, ტყვიის გარკვეულ რაოდენობას ყოველთვის შეიცავს, თუმცა მონაცემები ჯანმრთელობისათვის საგანგაშო არ არის.

დაავადების კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ მოსახლეობის კვლევა ტყვიის შემცველობაზე რამდენიმე თვეში დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×