(რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. ამ ინფორმაციას საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.შემთხვევა ტრაბზონიდან 120 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.
საკონსულოს ინფორმაციით, დაშავებულია 23 ადამიანი, ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ ავტობუსში მყოფი 36-ივე მგზავრი დაშავდა. მათი უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხვადასხვა საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს, 2 მგზავრი შედარებით მძიმედაა დაშავებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.
„დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ამ ეტაპზე დაყოფილები ვართ. მე მოვედი საავადმყოფოში, სადაც არის სამი ბავშვი, დანარჩენი თანამშრომლები სხვა საავადმყოფოში არიან განაწილებული. ამ საავადმყოფოში იმყოფება სამი ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაშავებულები არიან მსუბუქად," - აცხადებს საქართველოს ვიცეკონსული ტრაბზონში, მანანა ბერიაშვილი.