თიკო ოსმანოვა
18.07.2017

 ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში წელს აღარ ჩაერთვება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამის საჭიროება აღარ არის. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი პროცესებს დროებით ჩამოშორდა, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობა არ მოუხსნია.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო და საზოგადოებასთანაც მართავდა შეხვედრებს.

შარშან, ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი მმართველ ძალას გამარჯვებაში რომ დაეხმარებოდა, ახლა კი, არჩევნებამდე 3 თვით ადრე, უმრავლესობის წევრები ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არიან. "ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ წელს ბიძინა ივანიშვილის ჩართვის აუცილებლობა აღარ არის. მისი თქმით, "ოცნების" კანდიდატები დამოუკიდებლად შეძლებენ გამარჯვებას.

"ვნახოთ, ჩაერთვება თუ არა, ამას თავად გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ არ ჩაერთვება, რადგან ამის საჭიროება არ ჩანს. დანარჩენს ვნახავთ. მე პირადად ამ საკითხზე მასთან არ მისაუბრია," - გვითხრა ქანთარიამ.

"რეზონანის" კითხვაზე, ივანიშვილი კვლავ აქტიურად განიხილავს თუ არა თანაგუნდელებთან საუბრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იგი გვპასუხობს:

"თვითონ თუ მოისურვებს, ამას, ბუნებრივია, იტყვის. არ ვთვლი საჭიროდ, რომ მე უნდა ვისაუბრო. თავად გააკეთებს ყველაფერზე განცხადებას. ამ ეტაპზე არ ჩანს იმის საჭიროება, რომ პარტიას გვერდით დაუდგეს, კანდიდატი საკმაოდ ღირსეულია და ვფიქრობ, გამარჯვება არ გაუჭირდება."

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილი პროცესებს დროებით ჩამოშორდა, მაგრამ მასზე პასუხისმგებლობა არ მოუხსნია.

"ივანიშვილს "ქართული ოცნება" არ მიუტოვებია, უბრალოდ, პროცესებიდან დისტანცირებულია, უკვე რამდენიმე თვეა და ეს ძალიან კარგად ჩანს - პარტიაში სრული ქაოსია.

"თუმცა, ჩემი აზრით, არჩევნებში მმართველი ძალის კანდიდატი ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც ბიძინა ივანიშვილი, თორემ "ოცნების" არც ერთ კანდიდატს საკუთარი კაპიტალი არ გაჩნია.

"ის, რომ ივანიშვილი საჯაროდ არ გამოდის, არ ნიშნავს იმას, რომ მან "ოცნებაზე" პასუხისმგებლობა მოიხსნა. ეს იმას ჰგავს, ოჯახში შვილი სრულწლოვანი რომ გახდება და მამამისი ვითომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლის და შორიდან აკონტროლებს - ჯერ კიდევ მოუმწიფებელი შვილი ტლაპოში არ ჩავარდეს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილი.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, ივანიშვილი "ოცნებას" არ გამიჯვნია და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კვლავ საქმის კურსში იქნება.

"მე მგონი, ამ არჩევნებში ივანიშვილის ჩართულობა აუცილებელი არ არის. ოპოზიცია, პრაქტიკულად, ჩამოუყლიბებელია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფორმაც კი ვერ მიიღო, თანაც, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პრცესებსაც თუ გავითვალიწინებთ, ივანიშვილის ჩარევა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან პოლიტიკა მიატოვა. მე მგონი, პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნება. ზოგადად კი, თუ არ გამოჩნდება, მისთვისაც და "ოცნებისთვისაც" უკეთესი იქნება.

"ეს დუმილი მე პირადად მისი პოლიტიკური სვლა მგონია და არა ის, რომ მან "ოცნება" მიატოვა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ძაბირაძე.

მისივე თქმით, მოსახლეობის აზრით, "ოცნებას" ისევ ივანიშვილი აკონტროლებს, შესაბამისად, მისი პროცესებიდან დისტანცირებას მნიშვნელობა არ აქვს.

"მისი გამოჩენა და არგამოჩენა კი არაა მნიშვნელოვანი, მთავარია, ხალხი რას ფიქრობს. თუ გამოკითხვას ჩავატარებთ, ყველა იტყვის, რომ ივანიშვილი ისევ აკონტროლებს სიტუაციას. ამდენად, იგი თუ მართლა მიატოვებს პოლიტიკას, ეს მოსახლეობამ უნდა ირწმუნოს.

"ასე რომ, ჩემი აზრით, ივანიშვილს პარტია მთლად თავის ნებაზე არ ჰყავს მიშვებული. შესაძლებელია ნაკლებად ერევა, მაგრამ, მე მგონი, ინფორმაციას სრულად ფლობს, თუ რა ხდება "ოცნებაში".

"ვერ ვიტყვი, რომ "ქართულ ოცნებას" გაემიჯნა. შეიძლება, ყოველდღიურ გადაწყვეტილებაში არ იღებს მონაწილეობას, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნება," - გვითხრა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×