(რეზონანსი) უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰოლოდომორის დროს საქართველომ მისი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა:
"ყველამ არ იცის, რომ ჰოლოდომორის დროს, ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იძულებული იყო თბილისში ოჯახით გაქცეულიყო და საქართველომ ჩემი მეუღლის ოჯახი შიმშილით სიკვდილისგან იხსნა, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ჩემი მეუღლის ოჯახს უშველა. ეს რჩება თაობებში და ეს მტკიცე საფუძველს აყალიბებს ჩვენი ნდობის და მეგობრობის "-განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას ერთი და იმავე საფრთხეები აქვთ:
„უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ უნიკალური ატმოსფეროსთვის, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ პირველივე ნაბიჯებიდან იგრძნო. თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც უკრაინა ძალიან ენდობა. სასიამოვნოა, რომ თბილისში მაშინ ვიმყოფები, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ოთხ დღეში აღნიშნავენ" - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.