(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა ვეტო ერთდროულად ორ კანონპროექტს დაადო. მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნებით ცვლილებები პარლამენტს დაუბრუნა.
30 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პარლამენტისგან თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, პრეზიდენტსაც მიმართეს და სთხოვეს, ხელი არ მოაწეროს კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ.
"თვითმმართველობის შესახებ კანონში"ცვლილებების შესახებ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება, რომელიც მმართველმა გუნდმა მიიღო, საკანონმდებლო მაცნეშიც გამოქვეყნდა. დადგენილებას პარლამენტის ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური აწერს ხელს და დოკუმენტი 15 ივნისით თარიღდება. განსახილველ საკითხთა სიაშია ასევე ცვლილებები კანონში, რომელიც ამ ცვლილებების ვადებს დაადგენს.
დადგენილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებაზე უკვე შეუქმნა უხერხულობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რადგან პარალელურად ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა განკარგულება, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავს. ამ დოკუმენტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტები ცალ-ცალკე ოლქებად არის მითითებული.
რაც შეეხება "საარჩევო კოდექსში" ცვლილებებს, რამდენიმე დღის წინ, 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამეტო ფლანგიდან, ხელისუფლებას ერთიანი მიმართვა გაუგზავნა. ინტერპარტიულ ფორმატში პარტიები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი ხელისუფლება 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსისა და გარკვეულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინოს და საშემოდგომო სესიაზევე პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დაამტკიცოს. შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 2018 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ასახვა მოესწრება.