გვანცა წულაია
21.07.2017

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკება გამართოს, - იუწყება გამოცემა "იზვესტია".

როგორც გამოცემასთან საუბარში რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის დარეგულირებაში და ეკონომიკური კავშირის განმტკიცებაში.

ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა, რომლებიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდნენ, რუსი კოლეგები საქართველოში მოიწვიეს.

"ჩვენ აუცილებლად გავემგზავრებით თბილისში. რუსი პარლამენტარები, სულ მცირე, ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. ამგვარი კონტაქტები რიგი საკითხების გადასაჭრელად არის საჭირო. შეხვედრებზე განვიხილავთ დიპლომატიურ ურთიერთობას, ეკონომიკას, შევეცდებით, სავიზო საკითხი გადავჭრათ. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივია," - განაცხადა კალაშნიკოვმა.

აქვს თუ არა პერსპექტივა მოლაპარაკებას რუს და ქართველ დეპუტატებს შორის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 რეზო მიშველაძე მწერალი): არც რუს და არც ქართველ დეპუტატს, ერთი მხრივ, დუმას, მეორე მხრივ, პარლამენტს არავითარი პერსპექტიული შესაძლებლობა არ გააჩნიათ იმისა, რომ თუნდაც სურვილის შემთხვევაში რამე ნათელი მოჰფინონ იმ საკითხს, რომ რუსეთი დამპყრობელი ქვეყნიდან შემბრალე გულის მქონე სახელმწიფოდ გადააქციონ.

აქ სახელმწიფო და რუსი ხალხი არაფერ შუაშია. ერთი კაცი - პუტინი როგორც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში, ისე დიპლომატიაში, ძალიან რბილად რომ ვთქვა, ყველაზე თავგასული მოთამაშეა. აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.

ყოველ შემთხვევაში, დღემდე ვერავითარმა ძალისხმევამ შედეგი ვერ მოიტანა. შედეგი თუნდაც იმ დონემდე, რომ მცოცავი ოკუპაცია შეჩერებულიყო. საოცრაოდ უმწეონი მომეჩვენნენ რუსეთ-საქართველოს მცოცავ საოკუპანტო ხაზთან მდგარი პრეზიდენტები.

იმდენად უმწეო იყო მათი ლაპარაკი, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ არ იქნება მსოფლიო სახელმწიფოების ერთიანი პოლიტიკური ნება და რუსეთის მიმართ სანქციები უკიდურესად თუ არ გამკაცრდა, ამ საქმეს არაფერი ეშველება.

ქართველმა და რუსმა დეპუტატებმა მაიმუნობას, იქეთ-აქეთ სეირნობას და ხალხის მოტყუებას თავი დაანებონ. ეს შეხვედრა წინასწარვე განწირულია.

 იური მეჩითოვი ფოტოგრაფი): ამაზე ამდენი საუბარი რად უნდა? მოლაპარაკება არის მთავარი. მოლაპარაკება ომის დროსაც ხდება. თუ ჩვენი ქვეყნის მომავალი გვაინტერესებს, ველაპარაკოთ, რამე შევთავაზოთ და ჩვენი ინტერესები დავიცვათ. ეს არის მთავარი.

პოლიტიკაში სხვა არაფერი არ ხდება. საერთო ენის გამოსანახად საღი გონებაა საჭირო და არა ფაციფუცი, სისულელე და ერთმანეთზე მოღალატეების ძახილი. თუ ამ საშინელ სენს, რომელიც გვახასიათებს, გავცდებით, ბევრ რამეს გავაკეთებთ. მათ ჩამოსვლას მივესალმები.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): საქართველოში დიალოგის საწინააღმდეგო არავის არასდროს არ ჰქონია. საინტერესოა, რაზე ვლაპარაკობთ. შინაარსია მნიშვნელოვანი, ჩვენ რას ვთავაზობთ და ისინი რას გვთავაზობენ.

უნდა ვიკითხოთ, ის დეპუტატები აფხაზეთში ნამყოფები ხომ არ არიან და აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ხელი ხომ არ აქვთ მოწერილი. ეს არის მნიშვნელოვანი. თუ მათ ეს გაკეთებული აქვთ, მაშინ რაზე ველაპარაკებით? საქართველოს დანაწევრებაზე? ეს კითხვები მიჩნდება. თუ საქართველოს გამთლიანებაზე და ოსეთ-აფხაზეთის არაღიარებაზე არის საუბარი, ერთხელ კი არა, ასიათასჯერ უნდა ველაპარაკოთ. ისე კარგად იყვნენ, მოვიდნენ და ველაპარაკოთ, არ არის პრობლემა.

 ქეთი ბექაური (იურისტი): მთავარ მოქმედებად რუსეთთან მიმართებით ერთადერთი გზა დიპლომატიური მოლაპარაკების გზაა. ამიტომ თუ ამ მოლაპარაკებას საფუძველი ჩაეყრება, დასაწყისისთვის თუნდაც დეპუტაციის დონეზე, მგონი, ცუდი არ იქნება.

თუ დელეგაციის გაცვლა მოხდება და დელეგაციის წევრები დიპლომატიური მოლაპარაკების გზით გარკვეულ შედეგს მიაღწევენ, თუნდაც ეს ქართულ-რუსულ ურთიერთობაში ძალიან უმნიშვნელო იყოს, ცუდი არ იქნება. მთავარია, დაიწყოს.

ამაში ცუდს და საგანგაშოს ვერ ვხედავ. პირიქით, როდესაც ასეთი ვითარებაა და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მგონი, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  რა თქმა უნდა, კონკრეტული დეპუტატების ჯგუფის მოწვევას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან საქართველოში პოლიტიკა ვიღაც ჯგუფების ინიციატივით არ იმართება.

სპონტანურად დაგეგმვა და განხორციელება არ მოხდება. თუ ეს ნაკარნახევია და ილუზიას ქმნიან, თითქოს მათი ინიციატივაცაა, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მოხდება ის, რაც იმ მხარის ინტერესებშია.

კიდევ ვიმეორებ, კონკრეტული ჯგუფების ინიციატივას არანაირი აზრი არ აქვს, თუ ეს კონკრეტული ჯგუფები არ არიან ბმული იმ ბირთვზე, რომელიც საქართველოს პოლიტიკაზე გავლენას ახდენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×