ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთობლივ მიმართვას უგზავნიან. მიმართვაში ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო მოლაპარაკების დაწყება ვერ ხდება.
მიმართვის ავტორები ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს თხოვნით მიმართავენ, ხელისუფლების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენონ საკითხი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი კანონის მიღებისას უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ.
"მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ხელისუფლების წინაშე თქვენთვის დამახასიათებელი პრინციპულობით კიდევ ერთხელ დააყენოთ საკითხი ჩვენი ქვეყნის უმთავრესი კანონის მიღებისას უმნიშვნელოვანეს საკითხებზე კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ," - ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება შეძლებენ თუ არა კონსენსუსის მიღწევას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ვერ შეძლებენ, რადგან არც ერთი მხარე კონსენსუსის მიღწევაზე მოწოდებული არ არის. ამის მზაობა და სურვილი რომ იყოს, არ არსებობს, შეთანხმება არ მოხდეს.
გოგი თორაძე (რეჟისორი): წესით, უნდა შეძლონ. თუ უაზრო პრინციპებს გვერდზე გადადებენ და ხანდახან სამშობლოზე იფიქრებენ, ძალიან კარგი იქნება, ყველას წაგვადგება. ჯიბრზე თამაშით ერთ ადგილზე ვდგავართ.
როდესაც ყველა ამბობს, რომ რაღაც ისე არ არის, ესე იგი მართლა ასეა. უაზრო საუბრით უკვე დავიღალე. ვფიქრობ, უნდა შეხვდნენ და გაითვალისწინონ ის ძირითადი ცვლილებები, რასაც ყველა ეუბნება. ეს ყველაფერი მათ თავიანთ თავზე იტვირთეს. ჰოდა, ახლა კეთილი ინებონ და გააკეთონ ისე, როგორც ურჩევენ.
გია ბუღაძე (მხატვარი); არავითარ შემთხვევაში. აქ არ იქნება არავითარი კონსენსუსი. არ ვიცი, რამდენად აქტიური იქნება ვენეციის კომისიის ჩარევა. მთავრობისგან და ხელისუფლებისგან ვერანაირ კონსენსუსს და დათმობას ვერ წარმოვიდგენ. შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით სკანდალშიც გადაიზარდოს.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ვფიქრობ, რომ ვერ შეძლებენ, რადგან ოპოზიცია არანაირ დათმობაზე არ მიდის. მათ როგორც უნდათ, ყველაფერს ისე ვერ გააკეთებენ.
რატომ უნდა ოყოს საარჩევნო პროცენტი დაბალი? 3%-ს რომ ოპოზიცია ვერ დაძლევს, იმას პარლამენტში რა უნდა? რაც შეეხება ბლოკებს, ვფიქრობ, ბლოკი უნდა შეაქმნევინონ, რათა როგორმე ყველამ ერთად 3% დაძლიოს.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის მიერ პირველი და მეორე მოსმენით კონსტიტუციის ძირითადი მუხლები უკვე მიღებულია. საკითხი მესამე მოსმენაზე დგება, სადაც, მოგეხსენებათ, რომ ძირითადი საკითხები უკვე აღარ არის, მხოლოდ რედაქციული საკითხებია განსახილველი.
თავის დროზე ოპოზიციას და პრეზიდენტს, რომელიც მისი ადმინისტრაციით ახლა უკვე ოპოზიციაშია, ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა შესაძლებლობები და შეთავაზებები, რომ კონსტიტუციის მუშაობაში მიეღო მონაწილეობა. მან ეს არ გააკეთა და მოისურვა, ეს, ფაქტობრივად, ქუჩაში გადაეტანა. არ გაითვალისწინა არც ერთი შენიშვნა პარლამენტისა მუხლების მიმართ, კონსტიტუციის განხილვაში აქტიური მონაწილეობა არ მიიღო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით შესწორებები მიიღო. წარმოიდგინეთ, რომ ამის შემდეგ გააქტიურდნენ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, შემდეგ კი ოპოზიციამაც აუბა მხარი. ოპოციზია როდესაც ასეთ საკითხებს აყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თავისი ინტერესები აქვს ჩადებული.
ეს პროცესი დაგვიანებულია. მივიღებთ კონსტიტუციას მესამე მოსმენით, რომელიც, ფაქტობრივად, შეცვლილი არ იქნება. ამ შემთხვევაში ძირითადად კონსტიტუცია დარჩება ისე, როგორიც პარლამენტს აქვს მიღებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე