(რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიას მიმართავენ, რომ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა არ დაწესდეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ,რომ სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების გამოცდილებით, განიერ ქუჩაზე ცალმხრივი მიმართულების დაწესების შემდეგ ავტომობილების რაოდენობა მოიმატებს.
„იმატებს სიჩქარე და ინტენსივობა, ისევე როგორც იზრდება ხმაური, ვიბრაცია და ჰაერის დაბინძურების დონე, ხოლო ტროტუარებზე მცირდება ქვეითების რაოდენობა. პეკინის ქუჩა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და ცოცხალი ქუჩაა. მოსალოდნელია, რომ დაგეგმილი ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს არა მხოლოდ ქუჩის მაცხოვრებლებსა და ქვეითებზე, არამედ მასზე განლაგებულ ბიზნეს ობიექტებზეც" , - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ, რომ აუცილებელია განივი კვეთის ქუჩებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების, როგორც ქვეითების, ისე მძღოლების გადაადგილების მარშრუტების ანალიზი.
პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა დაიწყო.
დავით ნარმანიას თქმით, პეკინის გამზირის ცალმხრივად დატოვების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ქალაქის მერმა აღნიშნა,რომ ამ ეტაპისთვის, შესაბამისი გაანგარიშებები და მარშრუტების დაზუსტდება მიმდინარეობს.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა არქივიდან სასტუმრო „holiday inn"-ის ჩათვლით. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 10 სექტემბრამდე დასრულდება.