(რეზონანსი) გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ყარაფილასა და ორჭოსანს შორის არსებულ ტერიტორიაზე ხნული რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ გაავლეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაქვემდებარებულ სოფლიდან ორი ტრაქტორი მუშაობდა. ადგილობრივი მწყემსი,
გიორგი ტეხაშვილი ამბობს, რომ ამ ხნულმა ძირითადად ორჭოსნელები დააზარალა, რადგან 18 ჰექტარი მიწის ფართობი ყარაფილას მხარეს დარჩა.
„ჯერ კიდევ შარშანწინ, რუსმა სამხედროებმა აუკრძალეს ორჭოსნელებს მაგ ნაკვეთებში მუშაობა. 70-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გადავეცით ეგ მიწები მაგათ მეურნეობას და შარშანწინამდე ორჭოსნელები სარგებლობდნენ" , - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი გიორგი ტეხაშვილი.
ყარაფილელი მწყემსი გამყოფმა ხაზმა შვილთან და შვილიშვილებთან დააშორა
„ჩემი გოგო ორჭოსნის განაპირას ცხოვრობს. იქ არის გათხოვილი. აქედან რომ დავიძახო, ჩემ ხმას იქ გაიგებს, მაგრამ ვერ ვნახულობ. ყოველდღე მირეკავენ და მკითხულობენ, სულ მეკითხებიან, ნეტავ როდის გააღებენ „კარს", რომ გნახოთო. შარშანწინ გადავედი, მოვასწარი ნახვა, მაგრამ მაინც დამიჭირეს, გადამიყვანეს ცხინვალში და ჯარიმის გადახდის შემდეგ გამათავისუფლეს" , - განაცხადა გიორგი ტეხაშვილმა.
ოსურ სოფელ ყარაფილაში დღეს 35 კომლი ცხოვრობს. სოფელში ბუნებრივი აირი შეყვანილია, ელექტროენერგია გამრიცხველიანებულია. სასმელი წყლის ონკანები უბნებში რამდენიმე ადგილას დამონტაჟებულია, თუმცა წყალი ყოველდღიურად არ მოდის. რეზერვუარიდან არათანაბრად ნაწილდება.