გვანცა წულაია
24.07.2017

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები "ადგილობრივი თვითმმართველობისა" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს გადაეგზავნა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორივე კანონპროექტს ვეტო დაადო.

საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის წევრების განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ხედვას.

უნდა გაითვალისწინოს თუ არა პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირმა სოხაძე (მომღერალი): არ ვიცი, უნდა გაითვალისწინოს თუ არა. მაგრამ ძალიან გულდასმით რომ უნდა წაიკითხოს და ამ შენიშვნებში რაციონალური მარცვალი იპოვოს, მგონი, უდავოა. არა მგონია, მარგველაშვილი თამაშობდეს.

ალბათ რაღაც ისე არ არის, როგორც პრეზიდენტს მიზანშეწონილად მიაჩნია. სხვათა შორის, მარტო პრეზიდენტს არა - ვეტოს ცოტა გულისყურით მოეკიდონ და მაშინვე დაძლევაზე ნუ ფიქრობენ.

 

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): უნდა, მაგრამ არ გაითვალისწინებს. რადგან უმრავლესობაში არიან და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მათ ხელშია.

 

 

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):  თუ შენიშვნები საღ აზრს მიესადაგება და ქვეყნისთვის სასიკეთოა, ალბათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ეს კატათაგვობანა უნდა დამთავრდეს.

პარლამენტი რიგით მოქალაქესაც კი, ვისაც რაციონალური აზრი ან ქვეყნის სასიკეთოდ იდეა აქვს, უნდა უსმენდეს და პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, უნდა მოუსმინოს.

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): ქვეყანაში აშკარაა "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობა. შეიძლება საკონსტიტუციო დიქტატურა დავარქვათ იმას, რის დამყარებასაც დღეს "ქართული ოცნება" ცდილობს.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით გამოსდის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან სწორი და ადეკვატური რეაქციაა.

პარლამენტმა, რა თქმა უნდა, არსებითად უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ არ გაითვალისწინებს, რადგან საქართველოს პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მონების მიერაა დაკომპლექტებული.

ისინი ყველაფერზე ხელს აწერენ, რაც მათი სკამის გარანტიაა, რეალურად კი შეუთავსებელია დემოკრატიულ განვითარებასთან.

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):  ვფიქრობ, უნდა გაითვალისწინოს, მაგრამ ისე არა, რომ თავისი ამდენი ხნის ნამუშევარი გვერდზე გადადოს და მარტო პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინოს.

მგონი, პრეზიდენტის ინსტიტუტი საპატივცემულო ორგანიზაციაა და მისი აზრი გასათვალისწინებელია. ოღონდ ალბათ ორმხრივი შეთანხმების შედეგად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×