რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი ამჯერად კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ხნულით მონიშნეს. აღსანიშნავია, რომ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი თხრილს მიღმა დარჩა, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი სოფელ ორჭოსნიდან სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ყარაფილასთან და მდინარე თორთლას გასწვრივ მონიშნეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ეს ქმედება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხო გარემოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი ოკუპანტების მიერ ახალი თხრილის გავლებას "პროვოკაციად" აფასებენ და აცხადებენ, რომ მათ შეჩერებას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეეცდებიან.
"ჩვენ ამ ფაქტს ისევე, როგორც ყველა წინა ფაქტს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ეს პროცესი შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვახერხოთ ამ ქმედებების შეჩერება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით კი, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული რისკები პროექტის დაგეგმვის დროსაც იყო გათვალისწინებული და ალტერნატიული ვარიანტები არსებობს.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლება რისკების შემცირებას მაქსიმალურად ცდილობს და ამისთვის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს.
"ეს ადმინისტრაციული საზღვრები, სამწუხაროდ, განსაზღვრულია წინა ხელისუფლების მიერ, სააკაშვილმა თავისი ბრძანებით განსაზღვრა. სამწუხაროდ, ეს რეალობაა, ოკუპანტები ამ ადმინისტრაციულ საზღვარს მოჰყვებიან და ახდენენ ე.წ. ბორდერიზაციას.
"ამავე ადმინისტრაციულ საზღვრებში ექცევა ნავთობსადენი, თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, ალტერნატიული საშუალებები, რაც თავიდანვე იყო გააზრებული და მოფიქრებული. ასე რომ, ეს არ არის დიდი საფრთხე, დიდი საშიშროება.
"ზოგადად, ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ და სამხედრო ბაზებია განთავსებული.
"მე ყველაფერზე ახლა ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა საფრთხე და რისკები წინასწარ გაანალიზებულია, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან და ამასთან მიმართებით კონტრზომებიც არსებობს," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები საბჭოთა კავშირის დროს არსებული ე.წ საზღვრის აღდგენას ცდილობენ.
"სოფელი ყარაფილა ზუსტად ამ საზღვართანაა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უკანონოა და ოკუპაციის პროცესის შემადგენელი, მაგრამ ამიხსენით, რატომ ვუწოდებთ მცოცავ ოკუპაციას, ეს მომგებიანია შიდა პოლიტიკურ ბაზარზე თუ ინვესტიციებს უწყობს ხელს? იქნებ ამ არასწორი ტერმინით - "მცოცავი ოკუპაცია" რუსებს ვაშინებთ ან საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაშფოთებთ?
"გორში გუბერნატორად გვეჯდა ბორისოვი, საჰაერო თავდაცვის ნახევარი გამოუყენებელი ტექნიკა საწყობებიდან გავატანეთ, ავტომატები გაზიდეს სატვირთო მანქანებით და ჩანგლებით ვაპირებდით დახვედრას. მსოფლიოში ერთადერთი ფლოტი ხელყუმბარებით ჩაგვიძირეს და წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.
"ის, რომ ომისკენ მივდიოდით, ხომ ვიცოდით? ომის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრის შემოფარგვლას რომ დაიწყებდნენ, არ ვიცოდით? პირველი ბანერი რომ დააფიქსირეს, იმას შემდეგი რომ მოჰყვება, ხომ ვიცით? დავწერე - ჩვენ გავავლოთ საზღვარი და შემოვფარგლოთ საოკუპაციო ზონა-მეთქი.
"არა, დაველოდეთ, როდის მოაქცევდნენ მილსადენს საოკუპაციო საზღვარში. მალე გადასახადსაც მოგვთხოვენ. ომის შემდეგ ყველა წერდა, მილსადენი იყო რუსების სამიზნეო და ბოლოს და ბოლოს რომ მიადგებოდნენ, რთულად პროგნოზირებადი იყო?" - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
მისი შეფასებით, სანამ საგარეო კურსის და ოკუპაციის თემებს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დღის წესრიგიდან არ გავიტანთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ.
"ახლა ვუწოდებთ მცოცავ ოკუპაციას. ხშირად გვეშლება თუ სპეციალურად ვამბობთ, არ ვიცი, მაგრამ მაღალი ტრიბუნიდან გავიძახით - საქართველო ოკუპირებულია.
"ამ მცოცავი ოკუპაციის ძახილით ინვესტიციების მოზიდვას ვახდენთ თუ საზღვრის გავლებას შევაჩერებთ? სანამ საგარეო კურსის და ოკუპაციის თემებს არ გავიტანთ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების დღის წესრიგიდან, ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ.
"ნებისმიერი საქმეში ჩაუხედავი უცხოელისთვის "მცოცავი ოკუპაცია" ისე აღიქმება, თითქოს რუსები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან აქეთ მოიწევენ. რომელი ახალი ინვესტორი მოისურვებს აქ ფულის დაბანდებას, თუ ყველა ტრიბუნიდან "მცოცავ ოკუპაციას" გავიძახით.
"ასევე, არ მესმის, როცა ოკუპაციის საზღვრიდან "ოცნების" ხელისუფლებას მიმართავ. ხელისუფლებას თბილისში ესაუბრეთ, ან ქუთაისში, საოკუპაციო საზღვართან ოკუპანტებს უნდა დაანახო ძალა. უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად გააკეთებენ ამას. ან იქ ჩასვლით და უსუსურობის გამომჟღავნებით რას ვაღწევთ?" - აცხადებს სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ რუსეთი ბანერების დამაგრებით შიდა პოლიტიკური პროცესების არევას მშვენივრად ახერხებს.
"ე.წ. ბორდერიზაციით (ეს ტერმინიც არ მომწონს და ამ ტერმინშივე ჩანს, რამდენად გულგრილად ვეკიდებით ამ საკითხს) რუსეთი მშვენივრად ახერხებს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენას.
"დანახარჯები მინიმალურია - დაახლოებით ერთი ბანერის დამზადება, მიტანა-დამონტაჟების საფასური. დაამაგრებს ბანერს და რამდენიმე თვე ერთმანეთს ვჭამთ," - ამბობს ამირან სალუქვაძე და მთელ პოლიტიკურ სპექტრს თუ საექსპერტო საზოგადოებას შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს:
"1. გაიტანეთ საგარეო კურსის და ოკუპაციის თემები ერთმანეთთან დაპირისპირების დღის წესრიგიდან; 2. დასხედით ერთად და შეიმუშავეთ ერთიანი სტრატეგია - ა) დეოკუპაციის, ბ) აფხაზ და ოს ხალხთან დიალოგის; 3. ტერმინი "მცოცავი ოკუპაცია" ჩაანაცვლეთ სხვა ტერმინით, მაგალითად, "საოკუპაციო ზოლის უკანონო გავლება" ან "ახალი ბერლინის კედელი" ან სხვა; 4. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით ან ჟენევის ფორმატში საოკუპაციო საზღვრის საკითხის გააქტიურება, ან ასევე, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით უფრო მაღალი დონის ფორმატის ჩამოყალიბება; 5. დეტალურად იქნეს შესწავლილი ჩვენი არმიის მდგომარეობა (ოღონდ რეალურად), შემუშავებული იქნეს არმიის განვითარების გრძელვადიანი პროგრამა საქართველოში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით", - აღნიშნავს სალუქვაძე