(რეზონანსი) დედაქალაქის მერი დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. დღეს მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დავით ნარმანია ამბობს, რომ რეგულაციები გასამკაცრებელია და უკვე მიმდინარეობს ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა.
„რეგულაციები აუცილებლად გასამკაცრებელია და ეს გათვალისწინებული იქნება მშენებლობის ახალი კანონმდებლობით, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. მანამდე არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებლობის ობიექტზე იყოს მინიმალურად აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები დაცული" , - აცხადებს დავით ნარმანა.
თბილისის მერის თქმით, ხშირ შემთხვევაში, სამშენებლო კომპანიების მხრიდან არ ხდება მშენებლობის ობიექტებზე მინიმალური უსაფრთხოების ზომების დაცვა.
„კომპანიები ხშირ შემთხვევაში დაუდევრად იქცევიან, არ არის შესაბამისი საკითხები დარეგულირებული და მოწესრიგებული. ასე რომ მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდნენ თავიანთი დასაქმებულების ინტერესებს" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.