(რეზონანსი) გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება. ამ დრომდე უცნობია ვინ შეცვლის ლაშა თორდიას.გენერალურ აუდიტორს საკანონმდებლო ორგანო 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შეთანხმებული კანდიდატურა ჯერ არ ჰყავთ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტის სამსახური შესაძლოა დავით ნარმანიამ ან ვანო ზარდიაშვილმა ჩაიბაროს.
„ვერცერთ გვარს ვერც დავადასტურებ, ვერ უარვყოფ, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონია არცერთ გვართან დაკავშირებით დისკუსია" , - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
თბილისის მერი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, კონკრეტულ პასუხს არ სცემს.
ვანო ზარდიაშვილი კი ამბობს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში, არა თუ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, არამედ სხვა თანამდებობაზე მუშაობისთვისაც მზად არის.