(რეზონანსი) ევროსასამართლომ მოსამართლეობის კანდიდატად, გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლადო ჭანტურია შეარჩია. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ლადო ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს სტრასბურგის ორგანოების წინაშე. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება" , - განმარტა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვს 2 კანდიდატს, სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს. თუმცა, სტრასბურგის ორგანოების მიერ დაწესებული მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვთ.
წულუკიანმა კომისიის გადაწყვეტილების ახსნისას იმაზე მიუთითა, რომ ევროსასამართლოს ორგანოებმა 2009 წლიდან მოთხოვნები გაამკაცრა, თუმცა უკავშირდებოდა თუ არა ეს განკაცრებული მოთხოვნები ასაკს არ დაუკონკრეტებია.
მისივე თქმით, კონკურსი ეროვნულ დონეზე 2 ადგილზე ცხადდება. წულუკიანმა შედარებით მოწიფული ასაკის იურისტებს მოუწოდა კონკურსში მონაწილეობა მიიღონ, რომელიც 25 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობას სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსის გამოცხადება უკვე მეოთხედ უწევს. პირველ ჯერზე სამკაციანი სიიდან (ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი) ექსპერტთა საბჭომ ერთი (ნანა მჭედლიძე) დაიწუნა, რომელიც ევა გოცირიძემ ჩაანაცვლა.
მოგვიანებით, 2017 წლის 24 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა სამივე კანდიდატი (ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე და გიორგი ბადაშვილი) ჩააგდო. 2017 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ კონკურსის გზით შერჩეული კიდევ სამი ახალი კანდიდატი (ლადო ჭანტურია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) წარადგინა. ამჯერად სტრასბურგში ექსპერტთა საბჭომ სამიდან ორი კანდიდატი (სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე) დაიწუნა.