(რეზონანსი) თბილისის მერიის ცნობით, ვაკის პარკს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წლიდან აქვს, ახალი ტერიტორია მიუერთდა, რომელზეც კულტურული დაცვის ზონა გავრცელდება.
„ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები! კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ. რაც მთავარია - მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი" , - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.