(რეზონანსი) გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებთან, კერძოდ, ყარაფილას მონაკვეთთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ე.წ საზღვარზე დაკვირვება დაიწყეს. ისინი იმ ადგილას იმყოფებიან, სადაც მწვანე ბანერი ავტობანიდან დაახლოებით 450-500 მეტრით არის დაშორებული.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ყველა მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან იქნება შეთანხებული. აქციის მონაწილე თეა თაბაგარი ამბობს, რომ სამოქალაქო პატრულირების აზრი მარტივია. მათ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება უნდა შეძლონ.
„საოკუპაციო ხაზზე ისე მიმდინარეობს ცვლილებები: ხნულების გაკეთება, ბანერების გადმოწევა, მავთულხლართის გაბმა, ხალხის გატაცება, სოფლის აწიოკება, რომ ამას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც სრულფასოვნად არ აფიქსირებს. ჩვენ ვიწყებთ ამ შემთხვევების დაფიქსირებას და თქვენს ინფორმირებას დროულად. ასევე, ამ ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების შეწუხებას" , - აცხადებს თეა თაბაგარი.
ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ჯგუფის გადაადგილება და მარშრუტი შეთანხმებული იქნება საოკუპაციო ზოლთან მყოფ პოლიციის დანაყოფებთან.
„ეს მისია არაა მართული, დაფინანსებული და რაიმე სხვაგვარად ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და ორგანიზაციასთან, მეტიც, თუ იმას არ მივიღებთ მხედველობაში, რომ თავად ოკუპაციაა პოლიტიკური თემა, აპოლიტიკური აქციაც კია" , - აცხადებს ლაშა ბერულავა.
ყარაფილასთან მწვანე ბანერი, პოლიციელების თქმით, 2011 წლიდან დგას. ხნული კი პირველად, 2015 წელს გაჩნდა.