(რეზონანსი) სამოქალაქო აქტივისტებმა საოკუპაციო ხაზთან პატრულირების გრაფიკი და სამოქმედო არეალი შეიცვალეს. ეს გადაწყვეტილება პატრულის წევრებმა შსს-თან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
რისკების გათვალისწინებით და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, 3-კაციანი ჯგუფები პატრულირებას დილის 6-დან საღამოს 8 საათამდე ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე, ავტობანის ზედა ნაწილიდან განახორციელებენ.
საოკუპაციო ძალების ან ტექნიკის გადაადგილების, სადემარკაციო სამუშაოების შემთხვევაში, აქტივისტები ინფორმაციას საზოგადოებას, მედიასაშუალებებს და დიპლომატიურ კორპუსს შეატყობინებენ.
სამოქალაქო პატრულირების ინიციატორის, დავით ქაცარავას განცხადებით, ოკუპაციის შეჩერების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, მოქალაქეებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ შესაძლოა ისინი რუსეთის ჯარების სამიზნეები გახდნენ, თუმცა უკან დახევას არ აპირებენ.
სამოქალაქო პატრულირებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა. სამოქალაქო პატრულირებასთან დაკავშირებით, განცხადება შსს-მაც გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების დაწყებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
„საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია" ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად" , - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.