ევროსასამართლომ საქართველოდან მოსამართლეობის 3 კანდიდატიდან 2 დაიწუნა. სტრასბურგის სასამართლომ კანდიდატად გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია შეარჩია, სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კი - არა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს და საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა კოლეგიის დასკვნა მივიღეთ. ლადო ჭანტურია სტრასბურგის ორგანოების წინაშე კონკურსს წარმატებით აგრძელებს. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები, სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება", - განმარტა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დაწუნებულ კანდიდატ სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს, თუმცა, სტრასბურგის ორგანოების მიერ დაწესებული მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ისინი ახალგაზრდები არიან და ხანმოკლე სამოსამართლეო გამოცდილება აქვთ.
გეტყვით, რომ ეს წელს ევროსასამართლოს მიერ წარდგენილი კანდიდატების დაწუნების მეორე შემთხვევაა. პირველი შემთხვევა იანვარში მოხდა, მაშინ კანდიდატის სააწინააღმდეგოდ ხმა კომისიის 5-მა წევრმა მისცა, 2-მა თავი შეიკავა და 1 მომხრე იყო.
რატომ ვერ აკმაყოფილებენ საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურები ევროსასამართლოს მოთხოვნებს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ძალიან მკაცრი შერჩევის სისტემის შედეგია. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ. ერთი ჩემი მეგობარი ინსტიტუტში 6 წელი ვერ აბარებდა, საბოლოოდ მოხვდა.
პრეცედენტებს შორის მარტო საქართველო ხომ არ არის. ამაზე ჩვენი საზოგადოება, ოპონენტები და ოპოზიცია ყურადღებას ნუ გაამახვილებს. ჩვენ საქმეს შიგნით მივხედოთ. ევროპა თავისას მოუვლის და იმას აირჩევს, ვინც სჭირდება.
გია ბუღაძე (მხატვარი): ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ რა საშინელი ხელისუფლება გვყავს. ყველაფერი ჩაწყობით, მამაძაღლობითა და კორუფციითაა აწყობილი, ვის მოატყუებ? ევროპაში ეს "ქოცური" ტყუილები არ გადის. "ქოცობა" მხოლოდ საქართველოში გადის. სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): ეს უნდა იყოს მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება ისეთი კანდიდატების გაგზავნა, რომლებიც მისაღები არ არიან. ვფიქრობ, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): ჩემი მხრიდან ალბათ ზედმეტად თავხედობა იქნება, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება რომ შევაფასო. მაგრამ, ალბათ იქ არიან ადამიანები, რომლებიც მონაცემებსა და ბიოგრაფიას ძალიან გულდასმით და წვრილმანებში არკვევენ.
იმ ადამიანების ბიოგრაფიასა და შესაძლებლობებს ნამდვილად ვერ განვსჯი. მაგრამ ალბათ მათ ბიოგრაფიაში არის ისეთი დეტალი, რომელიც რომელიმე სასამართლოსთვის მისაღები იყო, მაგრამ ევროსასამართლოსთვის - არა.
მიზეზი ესაა და არა ის, რომ ისენი ვიღაცაზე უარესები არიან და პროფესიონალური უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): აქ ორი ძირითადი ფაქტორი მუშაობს. ერთი ის, რომ ხელისუფლებამ ევროსასამათლოსთან ურთიერთობები ვერ დაალაგა.
სასამართლო ისევ "ნაციონალური მოძრაობის" ხელშია და მათ აზრს უფრო ითვალისწინებენ, ვიდრე ქართველი ხალხისას და დღევანდელი ხელისუფლებისას. ეს დღევანდელი ხელისუფლების პრობლემაა.
მეორე ისაა, რომ რეალურად, როცა იცი, რომ ის გავლენები არ გაქვს, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, ისეთი კანდიდატურა არ უნდა შეარჩიო, რომ ევროსასამართლომ უბრალოდ რამე საშუალება ვერ გამონახოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე