ნინო ქეთელაური
26.07.2017

 "როგორც იქნა, ტრამპმა მოიცალა საქართველოსთვის", - ასე ეხმაურებიან პოლიტოლოგები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. როგორც ცნობილია, მაიკ პენსი 31 ივლისს, ორი დღით ჩამოვა და საქართველოს პირველ პირებს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.

ის ასევე მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც "ღირსეული პარტნიორობა 2017"-ის წვრთნებში მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი საქართველოს პირველად სტუმრობს.

პოლიტოლოგის, თსუ-ის პროფესორ კორნელი კაკაჩიას შეფასებით, მაიკ პენსის ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, რადგან ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესში საგარეო კურსის ერთგულებისადმი გარკვეული შეკითხვები გაჩნდა.

"ამ კუთხით, თეთრი სახლის მხრიდან განცხადებები გაკეთდა, თუმცა, მე ვფიქრობ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ახალი ადმინისტრაცია არ აპირებს სტრატეგიული მოკავშირეების უყურადღებოდ დატოვებას და ის ერთგულია იმ მისწრაფებებისა, რომლებიც აკავშირებს საქართველოსა და უკრაინასთან", - აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ ვიზიტის ძირითადი გზავნილები იქნება, რომ აშშ-ისთვის კვლავ მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა.

"ასევე, ჩვენ ვიცით, რომ თეთრი სახლი აპირებს, ბევრ ქვეყანას მნიშვნელოვნად შეუკვეცოს დახმარება (ამ საკითხის განხილვა კონგრესმა ჯერ ახლა დაიწყო). იმედია, რომ ეს საქართველოს არ შეეხება და სავარაუდოდ, პენსი ამ კუთხითაც გააკეთებს განცხადებებს.

"ამასთან, ალბათ, ხაზი გაესმება, რომ საქართველო-აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდება", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტში ყველაზე მთავარია, რა განცხადებებითა და დაპირებებით ჩამოვა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ჩამოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი. თუმცა, რა გზავნილებით მოდის, რას გვეტყვის და დაგვპირდება - ეს არის მთავარი. როგორც ჩანს, ტრამპმა, როგორც იქნა, მოიცალა საქართველოსთვის", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

პენსის ვიზიტი გასცემს თუ არა პასუხებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს? - პოლიტოლოგი ამბობს, რომ არა, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ტრამპის უახლოეს გარემოცვას არ წამოადგენს.

"ვიცე-პრეზიდენტი არ არის ტრამპის უახლოესი გარემოცვა. მასზე გავლენის მონოპოლიას ინარჩუნებენ მისი ქალიშვილი, სიძე და ერთი-ორი ადამიანი.

"ამიტომ, იმას, რომ ვიცე-პრეზიდენტს ტრამპზე რამე გავლენა აქვს, ზუსტად იცის, რას აპირებს და მონაწილეობას იღებს გადაწყვეტილებებში, ჯერჯერობით ვერ ვიტყვით.

"მართალია, თანამდებობით საკმაოდ მაღალი რანგის პირია, მაგრამ აშშ-ის კონსტიტუციით პრეზიდენტის მოადგილეობა არ ნიშნავს, რომ მეორე ან მესამე კაცია", - აცხადებს პოლიტოლოგი და აღნიშნავს, რომ კონკრეტული პროგნოზების გაკეთებას მისი ნათესაური გარემოცვა ართულებს.

"გარდა ამისა, თავადაც არაპროგნოზირებადია. ნიქსონის დროს ადვილი იყო რამის წინასწარ თქმა, რეიგანის დროს - ნაკლებად, ხოლო ტრამპის შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელია.

"თითქმის 1 წელია, რაც პრეზიდენტია და ჯერჯერობით ძალიან არათანმიმდევრული კურსის დემონტრირებას ახდენს. ამიტომ ჯობია, მოვითმინოთ და პენსის განცხადებებს დაველოდოთ. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ამ ვიზიტით საქართველოს დეკლარაციული მხარდაჭერა ხდება", - აცხადებს სოსო ცინცაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×