(რეზონანსი) სახალხო დამცველი გუშინ, დიდ დიღომში მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის და გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს. უჩა ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება უნდა იყოს.
„მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, პირველადი დათვალიერებით, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. მშენებლობაზე არ იყო გათვალისწინებული და დაცული კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები" , - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
უჩა ნანუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი ამჟამად შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტს იხილავს. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეძლოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც ყველა დასაქმებულისთვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.
უბედური შემთხვევის ფაქტს მშენებელთა პროფკავშირების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ობიექტს, საიდანაც მუშა გადმოვარდა, არც შრომის ინსპექტორი ჰყავს და არც უსაფრთხოების ბადეები არის დამონტაჟებლი. პროფკავშირები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მშენებლობაზე დაღუპულია 9 მუშა, ხოლო 2006 წლიდან დღემდე - 271. მშენებლობაზე ტრამვირებულთა რიცხვმა 470-ს მიაღწია.
გუშინ დილით, დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ შრომის ინსპექცია მოკვლევას აწარმოებს.