(რეზონანსი) დიდი ბრიტანეთი 2040 წლისთვის შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების აკრძალვას გეგმავს. „როიტერსის" ინფორმაციით, განცხადება დიდი ბრიტანეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, მაიკლ გოუვმა გააკეთა.
„კონსერვატორებს ჰქონდათ მანიფესტი, რომელიც იყო გარანტია იმისა, რომ 2050 წლისთვის ჩვენი ქვეყნის გზებზე აღარ ივლიან ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ძრავიანი ავტომობილები. დღეს ჩვენ ვადასტურებთ, რომ ამის მიხედვით 2040 წლიდან აღარ გაიყიდება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილები" , - აღნიშნა გოუვმა „ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში.
გარემოსდაცვითი უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლება 200 მილიონ ფუნტ სტერლინგს (260 მილიონ დოლარს) ადგილობრივ ხელისუფლებებს გაუნაწილებს, რათა მათ შეიმუშაონ სქემა, რომელიც დიზელზე მომუშავე ავტომობილების რაოდენობას შეზღუდავს.
ადრე, ლონდონის მერი სადიკ ჰანი გამოვიდა ინიციატივით, დიზელზე მომუშავე ავტომობილების მძღოლებს 3,5 ათასი ფუნტი გადაუხადონ, რომ მათ მანქანებზე ეკოლოგიურად სუფთა ძრავები დააყენონ. გაზეთ „თაიმსის" ცნობით, ეს ახალი წესი სამთავრობო სტრაგეგიის ნაწილია, რომელიც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.